დიახ, ზურა ბალანჩივაძე უსტვენს
ამბობენ, უსტვენსო. არ მოგატყუებთ და გეტყვით, დიახ, ზურა ბალანჩივაძე უსტვენს. და სიმღერა თუ შეუძლია? – ამ კითხვაზე პასუხს მისი მეზობლები გაგცემენ, ხშირად მათ უხდებათ მშვენიერი ჰანგების მოგერიება. ხო, უდავოდ ნიჭიერია, მაგრამ ალბათ, აქ მთავრდება ყველაფერი. ხატვით ნამდვილად ვერ დახატავს. თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ ხომ მისი ნამუშევრების გამოფენაზე მოვხვდი? ხო, ნამდვილად ასეა. და ეს, ყველაფერი არაა. ტაში, მეგობრებო, გახსენით დარაბები და გზა დაუთმეთ არსებას, რომელიც ჩვენებურ გამოთქმას ყველაზე მეტად ამართლებს – „ქართველები ხომ ყველაზე ნიჭიერი ხალხი ვართ“.
დაიბადა გაგრაში, თუმცა დაბადების ადგილად ქუთაისი უწერია, ქალაქი, სადაც აღიზარდა და სკოლის პერიოდი გაატარა. აფხაზეთი წარმოუდგენია ისეთ ზღაპრად, რომელსაც ბავშვობაში უკითხავდნენ და იმის შემდეგ აღარ წაუკითხავთ. მოგონებები, რომელიც გაგრას ახსენებს, დღემდე შემორჩა. ნახატები კი მოგონებების ასახვისათვის საუკეთესო საშუალებად იქცა.
სკოლამდელი ზურა ხატავდა, მღეროდა, ძერწავდა. არ უყვარდა დაშტამპულად სასარგებლო და აუცილებელი წიგნების კითხვა. კითხულობდა მხოლოდ იმას, რაც თვითონ აინტერესებდა. ანატომიის სიყვარული შემდეგ უკვე ხატვაში და ძერწვაში გამოიყენა. იყო სკოლის მგალობელთა გუნდის წევრი და დადიოდა გიტარაზე. თუმცა, არ აქვს არანაირი მუსიკალური განათლება. ხატვაზეც მხოლოდ წელიწადნახევარი იარა.
კითხვაზე, იყო თუ არა ბავშვობიდანვე ისეთი კომუნიკაბელური, როგორიც ახლაა, დადებით პასუხს მაძლევს. თუმცა, ამის გამო ხშირად ცხვირიც წაუტეხია, რადგან ბევრი ნაცნობი ხშირად ბევრ პრობლემასთან და გულისტკენასთანაა დაკავშირებული.
ჟურნალისტია, თუმცა პროფესიული არჩევანი თავად არ გაუკეთებია. ამაში დედის მზრუნველი ხელი ურევია. „ჟურნალსიტიკა, ალბათ, იმ ინტერესების შემკრებია, რა ინტერესებიც ბავშვობიდან მქონდა”, – ასე ამყარებს ზურა პროფესიულ არჩევანს.
ბაკალავრის ხარისხი თსუ-ში, ხოლო მაგისტრის, ჯიპაში მოიპოვა. ეს უკანასკნელი მისთვის ცოდნის ყველაზე ძლიერ წყაროდ იქცა.
2009 წელს საკუთარი ბლოგი შექმნა, რამაც კიდევ უფრო მეტი სანაცნობო წრე და დიდი მოქმედების არეალი შესთავაზა. ზურა დღემდე ინარჩუნებს ბლოგერის სტატუსს და აქტიურად პოსტავს საკუთარ მოსაზრებებს სოციალურ ქსელში.
ჯიპაში სწავლის დამთავრების შემდეგ იყო ჯარი. ამ დროს მიხვდა, რომ ჟურნალისტიკა იმ ერთი წლის განმავლობაში მაინც ვერ იქნებოდა მისი ძირითადი პროფესია. ამ პერიოდიდან დაიწყო ახალი ეტაპი და ახალი სამუშაო. კომპანია „ჯეპრას“, სადაც ზურა სოციალური მედიის მენეჯერად მუშაობს, ამჯერად უკვე ჟურნალისტიკისგან განსხვავებით, მომხმარებლამდე შეფუთული სიმართლის მიწოდება უწევს.
მისი შემოქმედება განხვავებულია. აღქმა სათუთი და ობიექტი ადამიანის შინაგანი სამყარო.
“მე ვხატავ… შინაგან სამყაროს ?! ჩემს კომპლექსებს, რომლებსაც ვაბრალებ სხვებს”, – ამბობს მხატვარი ზურა ბალანჩივაძე.
განსხვავებული ჩაცმის სტილი მის არაორდინალურობას უსვამს ხაზს. ხშირად შეხვდებით ხელჯოხით, თავზე ცილინდრით და პალტოთი შემოსილ ზურას. უყვარს ისეთი ტანსაცმელი, რომელიც ფრიალებს. ინტერვიუზეც საკუთარი შექმნილი მაისურით მოვიდა.
უსმენს კლასიკურ მუსიკას, ოპერას. ბახს, ბეთჰოვენს, ვერდის, მოცარტს. ასევე უყვარს აზრიანი მუსიკა და, შესაბამისად, „რედიოჰედი“, „პინკფლოიდი“.
მიუხედავად მისი მრავალმხრივი ნიჭისა, ფართო აუდიტორიამ პროექტ „ნიჭიერში“ მონაწილეობის შემდეგ გაიცნო. ბიჭი, რომელიც უსტვენს, ყველასათვის საინტერესო პერსონა აღმოჩნდა. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ სტვენის პარალელურად ზურას საოპერო მონაცემები აქვს. ამჟამად მუშაობს, რომ დაწერონ მსოფლიოში პირველი ნაწარმოები სტვენისათვის.
გიორგი ურუშაძე