სულხან თამაზაშვილი ბათუმში მხარდამჭერებს შეხვდა
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ბათუმში მხარდამჭერებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სულხან თამაზაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ეროვნული ღირებულებების დაცვითა და თავდაუზოგავი შრომით ქვეყანა უნდა იქცეს განვითარების და პროგრესის საუკეთესო მაგალითად. მისი თქმით, პროგრესი და სოციალური კეთილდღეობა შეუძლებელი იქნება მშვიდობის გარეშე.
„მერობის კანდიდატზე საუბრისას პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გიორგი ცინცაძე, ამბიციური გეგმებით, კიდევ უფრო მეტად განავითარებს ბათუმს, ღირსეულად გაართმევს თავს არსებულ გამოწვევებს და თითოეული ბათუმელისთვის დიდი იმედი იქნება.
„ჩვენი თავდაუზოგავი შრომით, სამშობლოს სიყვარულით, ეროვნული ღირებულებების დაცვით, ჩვენი ისტორიისა და ტრადიციების პატივისცემით შევძლებთ, რომ ქვეყანა გადავაქციოთ განვითარებისა და პროგრესის მაგალითად. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეკონომიკური პროგრესი და სოციალური კეთილდღეობა შეუძლებელია მშვიდობის გარეშე. ჩვენი თითოეული ნაბიჯის საფუძველი ყოველთვის იქნება მშვიდობიანი და პასუხისმგებლობიანი პოლიტიკა. ამ პოლიტიკის გამტარებელი იქნება ბათუმის მერობის კანდიდატი, კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე და პროფესიონალი ადამიანი – გიორგი ცინცაძე. ჩვენი ქვეყნის მომავალი ჩვენს ხელშია, 4 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა ავირჩიოთ განვითარება, მშვიდობა და ღირსეული მომავალი!“ – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
რეგიონის სრული მხარდაჭერისთვის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და პარტიის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს.
მხარდამჭერებს ბათუმის მერობის კანდიდატთან გიორგი ცინცაძესთან ერთად სიტყვით მიმართეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა და ბათუმის დელეგატმა არჩილ ბერიძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ივანე მაისურაძემ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.