შალვა პაპუაშვილი: ჩემი მოლოდინი უსაფრთხოების სამსახურის მიმართ იქნებოდა, რომ ბოლომდე ჩაჰყვნენ, ვინ აფინანსებს ქვეყნის გარედან ტერორისტების მომზადებას საქართველოში – ტერორისტების მომზადებას ბრიუსელის ან სხვა ფულით საქართველო არ დაუშვებს

„საქართველოს უნივერსიტეტი“ მე-9, მე-10, მე-11 კლასელებს საკუთარი უნივერსიტეტის კედლებში ეუბნება, რომ ტერორისტი შეიძლება თავისუფლების მებრძოლი იყოს. ამას აფინანსებენ უცხოელები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბოლომდე უნდა გაშიფროს ეს ქსელი და ამ რადიკალურ გეგმებს განხორციელება არ უწერია.

„ჩემი მოლოდინი უსაფრთხოების სამსახურის მიმართ იქნებოდა, რომ ბოლომდე ჩაჰყვნენ, ვინ აფინანსებს ქვეყნის გარედან ტერორისტების მომზადებას საქართველოში. აქ თუ აღმოჩნდება ერთი ცენტი ბრიუსელიდან საქართველოში ჩარიცხული, თუ აღმოჩნდება ერთი ცენტი ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის დედაქალაქიდან, იქ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მკაფიო და ხმამაღალი.

ტერორისტების მომზადებას ბრიუსელის ან სხვა ფულით საქართველო არ დაუშვებს. ლაზარე გრიგორიადისი სხვა რამე კი არ იყო. მან ჩაიდინა ტერორისტული აქტი, „მოლოტოვის კოქტეილი“, რასაც ამერიკის ადმინისტრაცია შიდა ტერორისტულ აქტს ეძახის და ის აქციეს გმირად ამ ხალხმა. ტრენინგებს იმიტომ ატარებენ, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის გმირი ტერორისტი. ყველა უცხოელს ჩავყვებით და ყველას მივაგნებთ ვისი ფული არის ამის უკან.

როდესაც ტერორიზმებს აფინანსებს ეს არა თუ წითელი ხაზია, ამას საქართველოში არანაირი დაშვება არ ექნება. ბოლომდე ჩავყვებით. „საქართველოს უნივერსიტეტი“ საქართველოში იქცა სიმბოლოდ რადიკალიზმის წახალისებისა და ბავშვების რადიკალიზაციისა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები