ხელოვნების სასახლეში უნიკალური გამოფენა – „ბაგრატიონები“ გაიხსნა

ხელოვნების სასახლეში უნიკალური გამოფენა – „ბაგრატიონები“ გაიხსნა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე პირველად არის წარმოდგენილი საქართველოს ხელოვნების სასახლეში, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმსა და სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში დაცული ქართველ ხელმწიფეთა და ბატონიშვილთა უნიკალური პორტრეტები, ბაგრატიონთა საგვარეულო გერბი, საბრძოლო იარაღი და სხვა ექსპონატები. მათი ნაწილი მრავალი წელია, არ გამოფენილა.
გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს უცნობი ავტორის მიერ მე-19 საუკუნეში შესრულებულ თამარ მეფის პორტრეტს, ანანურის კომპლექსის ფონზე; ქართლ-კახეთის მეფის – ერეკლე II ყმაწვილობის ტილოსა და თეკლე ბატონიშვილის უნიკალურ პორტრეტს; ქართლის მეფე გიორგი XI (ყანდაარის ბეგლარბეგი) პორტრეტს, ერეკლე მეფის ვაჟების – გიორგი XII, იოანე და ალმასხან ბატონიშვილების პორტრეტებს საქართველოს უკანასკნელი დედოფლის, მარიამ ციციშვილის პორტრეტთან ერთად.
ექსპონატებს შორისაა საქართველოს სამეფო გვარის წარმომადგენელთა უნიკალური იარაღი, მათ შორის, მეფე ბაქარის, მეფე კონსტანტინესა და მეფე გიორგის ცეცხლსასროლი იარაღები. დამთვალიერებელს საშუალება ექნება, იხილოს თეიმურაზ მეფის ხმალი, იმერეთის მეფის ალექსანდრე III აბჯარი, ვახტანგ VI ასტროლაბი. ასევე წარმოდგენილია ბაგრატიონთა საგვარეულო გერბი და პერსონალური ჭურჭელი მონოგრამებით.
გამოფენის გახსნას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე მოადგილესთან – გიორგი მირცხულავასთან ერთად დაესწრო. მინისტრმა გამოფენის იდეის ავტორებს, ინიციატორებსა და კურატორებს გაწეული საქმისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენს ფონდებში უამრავი საინტერესო და საქართველოსთვის საამაყო ნიმუში ინახება. ყოველთვის მადლობას ვეუბნები მუზეუმების მცველებს, იმიტომ, რომ სწორედ მათ შეგვინარჩუნეს უმდიდრესი მემკვიდრეობა.
ჩვენ შეგვიძლია, ვიამაყოთ ჩვენი ისტორიით. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ექსპოზიციაა, რომელიც ბოლო წლებში მინახავს. ბედნიერი ვარ, რომ ჩართული ვიყავით ამ გამოფენის ორგანიზებაში.
დიდ მადლობას ვუხდი იდეის ავტორებს, კურატორებს, ხელოვნების სასახლეს იმ შესაძლებლობისთვის, რაც მათ ბაგრატიონთა დინასტიისა და, ზოგადად, საქართველოს ისტორიით დაინტერესებულ საზოგადოებას შესთავაზეს.
ვფიქრობ, ამ ექსპოზიციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იხილავენ და აუცილებლად ვეცდებით, რომ იგი საერთაშორისო საზოგადოებამაც ნახოს”, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
ექსპოზიციის ნახვა დამთვალიერებელს ერთი თვის განმავლობაში შეეძლება.

იხ. ვიდეო:

https://www.facebook.com/reel/803294335630844

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები