საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს

ახალქალაქში, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის 12 წლის იუბილესადმი მიძღვნილი და რეკრუტების ფიცის დადების ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ხელმძღვანელობა და რეკრუტების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

“თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ რეკრუტებს სამხედრო ფიცის დადება, ხოლო პირად შემადგენლობას ცენტრის იუბილე მიულოცა. მან სამხედროებს ქვეყნის წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა და საწყისი საბრძოლო მომზადების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.  სამხედროებს, ასევე მიმართა საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ.

იუბილესთან დაკავშირებით ცენტრის პირადი შემადგენლობა  თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახურისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლებით, სამახსოვრო საჩუქრებით, სიგელებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდა.

ფიცის დადებამდე წვევამდელებმა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების სპეციალური პროგრამა გაიარეს. ისინი საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გაივლიან,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები