ეკა სეფაშვილი: თუ ხალხს ასეთი დიდი პროტესტი აქვს და ასეთი მასიური გამოსვლებია, კარზეა არჩევნები, მასიური გამოსვლები საარჩევნო ყუთთან მისვლით მოაწყონ და დააფიქსირონ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უნდათ ხელისუფლებაში
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და რადიკალების გეგმებს მედიასთან ეხმიანება.
„რა საჭიროა გამოსვლები, დუღილის ტემპერატურის აწევა? საჭიროა იმიტომ, რომ არჩევნების გზით არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლება ხელისუფლება, რადგან რადიკალებს არ ჰყავთ იმდენი მომხრე, რომ დააგროვონ ხმების საჭირო რაოდენობა იმისათვის, რომ აღარ იყოს მმართველი გუნდი უმრავლესობაში, ამ შემთხვევაში ლოკალურ დონეზე, ადგილობრივ თვითმმართველობებში“ – განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, არჩევნების გაყალბების ფაქტები ოპოზიციამ ვერც 2024 წელს დაამტკიცა და არც წელს აქვთ გაყალბების იმედი, ამიტომ სჭირდებათ ქუჩის პროტესტის გააქტიურება და ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლა.
„თუ ხალხს ასეთი დიდი პროტესტი აქვს და ასეთი მასიური გამოსვლებია, კარზეა არჩევნები და მასიური გამოსვლები საარჩევნო ყუთთან მისვლით მოაწყონ. დააფიქსირონ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უნდათ ხელისუფლებაში. რა საჭიროა გამოსვლები, დუღილის ტემპერატურის აწევა? მაგრამ საჭიროა იმიტომ, რომ არჩევნების გზით არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლება ხელისუფლება, რადგან რადიკალებს არ ჰყავთ იმდენი მომხრე, რომ დააგროვონ ხმების საჭირო რაოდენობა იმისათვის, რომ აღარ იყოს მმართველი გუნდი უმრავლესობაში, ამ შემთხვევაში ლოკალურ დონეზე, ადგილობრივ თვითმმართველობებში. რადიკალურ ოპოზიციას არ ჰყავს მომხრეები, ეს ცხადია და თავადაც კარგად იციან. ამიტომ ვხედავთ ბანერების ჩამოხევას, შტაბებში მივარდნას, წივილ-კივილს და ლანძღვა-გინებას. რადიკალები ვერც იმას ამტკიცებენ, რომ 2024 წლის არჩევნები გაყალბდა. პროკურატურამ ჩაატარა გამოძიება და იხვეწებოდა მტკიცებულება მომეცითო, რაც ვერავინ ვერ წარადგინა. გაყალბების იმედი არ აქვთ და ზუსტად იციან, რომ მხარდამჭერები არ ჰყავთ, ამიტომ არის ეს პროცესები. რადიკალების კამპანია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეფუძნებოდა უცხოელების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რამაც არ იმუშავა 2024 წელს და არ იმუშავებს არც 2025 წელს“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.