მკვლელობა, რომელიც ბერეზოვსკის თბილისში საიდუმლო ვიზიტს უკავშირდება

მკვლელობა, რომელიც ბერეზოვსკის თბილისში საიდუმლო ვიზიტს უკავშირდება. ამ სათაურით სტატიას გაზეთი “პრაიმტაიმი” აქვეყნებს. გამოცემასთან ინტერვიუში გარდაცვლილი ირაკლი ბასილაშვილის და, მარი ბასილაშვილი ტრაგედიის დეტალებს იხსენებს.

„არ ვიცი, ვინ და როგორ იცხოვრა 2003 წლის ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, მაგრამ ჩვენმა ოჯახმა ჯოჯოხეთი გამოიარა. 2003 წლის 22 ნოემბრიდან 11 დღე არ იყო გასული, რომ ჩვენს ოჯახში ტრაგედია დატრიალდა: საცხოვრებელ უბანში, პატარა შვილთან მიმავალი ჩემი ძმა, ირაკლი ბასილაშვილი ლიფტში მოკლეს. ვინმემ შეილება იფიქროს, რომ რაღაც დააშავა და ანგარიში გაუსწორეს. ჩემი ძმა იყო უდანაშაულო და ის შეეწირა 2003 წლის 3 დეკემბერს თბილისში სხვა გვარითა და სახელით ჩამოფრენილ მილიარდელ ბორის ბერეზოვსკის შეხვედრას ახალგაზრდა რევოლუციონერებთან“,- იხსენებს მარი ბასილაშვილი. ბასილასვილის ვრცელ ინტერვიუმდე გამოცემა 2003 წლის დეკემბერში არსებულ რეალობაზე და იმაზე წერს, თუ რა გაშუქდა პრესაში.
„ბერეზოვსკის დაკავება ქართველმა მესაზღვრეებმა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს. მესაზღვრეებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების გარდა, პრეტენზიები გაისმის საქართველოს დროებითი ხელისუფლების მისამართითაც. რას უსაყვედურებენ რუსი პოლიტიკოსები ქართველ კოლეგებს და იქცევა თუ არა საქართველო საერთაშორისო ძებნილთა უხიფათო თავშესაფრად? ამ უკანასკნელ პერსპექტივაზე გაზეთი „კომსომოლსკაია პრავდა“ მიუთითებდა, რომელიც იქვე ცინიკურად ასკვნიდა – „თუ თქვენზე ფედერალური ან საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული, დაუყოვნებლივ იშოვეთ ფალსიფიცირებული პასპორტი და საქართველოში გაემგზავრეთ. უსაფრთხოება გარანტირებულია“.
საქართველოში პლატონ ელენინის სახელით ჩამოსვლის შემდეგ ლონდონში დაბრუნებული ოლიგარქი თავად პასუხობდა მთავარ კითხვას – ვინაიდან ინტერპოლით ძებნილი ბადრი პატარკაციშვილის საქართველოდან გასვლა სახიფათო იყო, იგი მოსანახულებლად მას თავად ეწვია ლონდონიდან. თუმცა, მის გარდა სხვა მეგობრებიც მოინახულა.
ის, რომ მისი ვიზიტი ახალი ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში დაიგეგმა, არავისთვის იყო სათუო, თუმცა „ახლებს“ და „ახალგაზრდებს“ მაშინ საზოგადოება ყველაფერს პატიობდა. იმდენად ახალი იყო რევოლუცია, რომ საზღვრის დაცვის დეპარტამენტს მაშინ ჯერ კიდევ ვალერი ჩხეიძე ხელმძღვანელობდა, რომლის კორუფციასთან ტრფიალის შესახებ უკვე დიდი ხანია ლეგენდები დადიოდა. შესაბამისად, არც არავის გაჰკვირვებია, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერეზოვსკის ეს ვიზიტი 2 მილიონი დაუჯდა, საიდანაც საზღვრის დაცვის დეპარტამენტს თავისი დამსახურებული წილი ერგო. იქნებ იგივე დამსახურებით დარჩა ვალერი ჩხეიძე ხელშეუხებელი რევოლუციური ხელისუფლებისგან და მას საქართველოდან წასვლის საშუალება მხოლოდ ფულადი ხარკის გაღების საფასურად მისცეს?… თუმცა, ამ მიმართულებით წიაღსვლებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ და ისევ 2003 წლის დეკემბერს დავუბრუნდებით, რა დროსაც საზღვრის დაცვის დეპარტამენტში შეფის ფავორიტობას ორი ადამინი ინაწილებს – მინდია არაბული და დავით ჩხეიძე. ამ უკანასკნელს ზედმეტსახელად მაშინდელ პრესაში ჩხეიძის მოლარედაც მოიხსენიებდნენ. მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ დანაშაული, სადაც დაზარალებულად დავით ჩხეიძე გვევლინება, ორგანიზატორი სწორედ მინდია არაბულია.
ერთი სიტყვით, ბერეზოვსკის თბილისში ვიზიტიდან მეორე დღეს, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ე.წ. უშიშროების კორპუსში დავით ჩხეიძე შევიდა. ჯიბეში მას 25 ათასი დოლარი ჰქონდა. ის მიემართებოდა ვალერი ჩხეიძის სახლისკენ. ლიფტში მასთან ერთად შევიდა ირაკლი ბასილაშვილი, რომელიც იმავე სახლში ცხოვრობდა და სამსახურიდან შესვენებაზე გამოსულს სამი წლის ქალიშვილისთვის ტკბილეული მიჰქონდა. ლიფტის კაბინას ორი მამაკაცი ჩამოჰყვა. ისინი ლიფტში დარჩნენ უკან ასასვლელად. ბოლო მომენტში მათ მესამეც შეუერთდათ. ირაკლი ბასილაშვილი მე-15 სართულზე ცხოვრობდა. ვალერი ჩხეიძე – მეთორმეტეზე, სადაც დავით ჩხეიძე მიდიოდა. უცნობებმა კი ხელი მეცხრე სართულის ღილაკს მიაჭირეს სადაც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, არავინ ცხოვრობდა. ლიფტის დახურვისთანავე ბასილაშვილს და ჩხეიძეს დანარჩენებმა ჯიბეების გადმოტრიალება მოსთხოვეს. მოხდა შეხლა-შემოხლა. მეცხრე სართულზე თავდამსხმელებმა ორივე გამოიყვანეს, კედელთან მიაყენეს. ჩხეიძეს თავში ჩაარტყეს ბლაგვი საგანი. ირაკლი ბასილაშვილს კი ზურგში ესროლეს. იმდროინდელ პრესაში ლოგიკურად გაჟღერდა ეჭვი, რომ დავით ჩხეიძეს შეფთან ბერეზოვსკის მიერ გადახდილი თანხიდან წილი მიჰქონდა. შესაბამისად, თავდამსხმელები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ თანხის წარმომავლობის გამო ის ყაჩაღობის თაობაზე პოლიციაში არ განაცხადებდა. რაც შეეხება ირაკლი ბასილაშვილს, უნიღბო თავდამსხმელებისთვის ის ცოცხალი მოწმე იყო, რომელიც თავიდან მოიშორეს. 11 წლის განმავლობაში ეს საქმე თაროზე იყო შემოდებული და 2014 წლის თებერვალში შსს-მ საზოგადოებას აცნობა, რომ საქმე გახსნილია. დააკავეს მინდია არაბული, რომელიც ამ საქმეში ორგანიზატორად გვევლინება და რომელიც დაკავების მომენტამდე ორჯერ, ხელისუფლების ცვლის მიუხედავად, იგივე პოზიციას იკავებდა, რასაც ვალერი ჩხეიძის შეფობის დროს. დააკავეს ერთ-ერთი შემსრულებელიც, გოჩა მახარობლიძე. დანარჩენი ორი კი – მამუკა ჩიკვილაძე და რეზო გულბათაშვილი იმ დროისთვის სომხეთში იმყოფებოდნენ. მათგან უკანასკნელი კი – პატიმრობაში. თუმცა მოგვიანებით ჩიკვილაძის აყვანა მაშინ მოხერხდა, როდესაც ის საქართველოს ტერიტორიაზე ჩუმად შემოსული, ასევე ჩუმად აპირებდა ქვეყნიდან გაღწევას“, – წერს გამოცემა.
გარდა ამისა, „პრაიმტაიმი“გარდაცვლილის ოჯახის მიერ საკუთარი წყაროებით მოიპოვებულ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ეს იყო ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც დანაშაულებრივ საქმიანობას 1992 წლიდან ეწეოდა. ამავე ინფორმაციით, მოკლული ჰყავთ პოლიციელიც, გათეთრებული აქვთ დიდი ოდენობით ფული, მათ ანგარიშზეა ქურდობაც და ყაჩაღობაც, მაგრამ რატომღაც ან არ უხდებოდათ პატიმრობა, ან კიდევ, ყოველთვის ამნისტირებულთა სიაში ხვდებოდნენ მფარველი უფლებადამცველების წყალობით.
ინტერვიუ მარი ბასილაშვილთან:
– ამ საქმეს სასამართლო რატომღაც მკვლელობის კვალიფიკაციით არ განიხილავს. რაშია საქმე?
– სამწუხაროდ, დანაშაულის ჩადენიდან მის გახსნამდე დიდი დრო გავიდა. შესაბამისად, იმ მტკიცებულებებით, რაც შეგროვდა, განზრახ მკვლელობა არ დასტურდება. ერთ-ერთი ბრალდებული ამბობს, რომ შემთხვევით გაუვარდა გოჩა მახარობლიძეს იარაღი. ცოცხლად დარჩენილი დაზარალებული, დავით ჩხეიძე კი ვერ აკონკრეტებს, როგორ მოხდა გასროლა. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ აქ განზრახობა იყო. როდესაც ადამიანი მიდის დანაშაულის ჩასადენად და მიაქვს იარაღი, ბუნებრივია, აქ შემთხვევითობაზე ვერ იქნება საუბარი. თანაც მათ ჩემს ძმას ზურგში ესროლეს მაშინ, როდესაც მისთვის იარაღიც ჰქონდათ წართმეული და პირით კედლისკენაც ჰყავდათ დაყენებული, ხელებაწეული. ასე რომ დამნაშავეს მისგან არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა, რომ ვივარაუდოთ შემთხვევითობა. იმიტომ მწყდება გული, რომ ეს საქმე განიხილება მსხვერპლით დასრულებული ყაჩაღობით და არა განზრახ მკვლელობით.
– გამოძიებას რა არგუმენტი აქვს?
– ის თვლის, რომ განზრახობა მაშინ იქნებოდა, თუ დამნაშავე თავიდანვე გადაწყვეტდა მის ლიკვიდაციას. ირაკლი კი შემთხვევითი მგზავრი, ანუ დანაშაულის მოწმე იყო. ამასთან, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ეს არის გაუფრთხილებლობით მკვლელობა, რომელიც თურმე ხანდაზმულია.
– თქვენ, ალბათ, გიფიქრიათ იმაზე, რატომ მოკვდა მოწმე და ცოცხალი დარჩა ადამიანი, რომელსაც თავს დაესხნენ და მასაც იგივე წარმატებით შეეძლო განეცხადებინა დანაშაულის შესახებ პოლიციაში…
– რა თქმა უნდა, ბევრი შეკითხვა არსებობს, მაგრამ ეს საქმე ცხელ კვალზე რომ გახსნილიყო, ბევრად მეტი დამნაშავე იჯდებოდა ახლა ციხეში და შესაძლებელია სხვა ისტორიაც ამოტივტივებულიყო ამ მკვლელობასთან კავშირში.
– გულისხმობთ ბერეზოვსკის ვიზიტს თბილისში და მისგან გაღებულ 2 მილიონს?
– შესაძლებელია ასეც ყოფილიყო. თუმცა დავით ჩხეიძე აცხადებს, რომ ის 25 ათასი დოლარი მისი საკუთრება იყო, ბინის შესაძენად. ცხელ კვალზე გახსნის შემთხვევაში კი, ვფიქრობ, ამ ფულის სულ სხვა წარმომავლობა დადგინდებოდა.
– რით ხსნის დავით ჩხეიძე იმას, რომ 11 წლის განმავლობაში მან ამ დანაშაულის შესახებ არ განაცხადა?
– ეს მას უნდა ჰკითხოთ.
– გამოძიებაში, ან სასამართლოზე არ დასმულა ეს შეკითხვა?
– დაისვა, მაგრამ არ პასუხობს.
– გამოდის, რომ ამის მიზეზი მართლაც ფულის წარმომავლობაა.
– რა თქმა უნდა, ამის დიდი ალბათობა არსებობს.
– ის, რომ ამ ჯგუფის ორგანიზატორი, მინდია არაბული ისევ იმ კაბინეტიდან აიყვანეს, რასაც ვალერი ჩხეიძის თავმჯდომარეობის დროს იკავებდა, ამ ფაქტს როგორ ხსნით?
– ამაზე პასუხი არ მაქვს. მინდია არაბული, ალბათ, იმიტომ ინარჩუნებდა თანამდებობას და ჯილდოებს და მედლებსაც იღებდა, რომ კარგად ამუშავებდა იმ ბინძურ სქემას, რითაც სხვა შეფებიც კმაყოფილები იყვნენ.
– ამ კვირაში განაჩენი დადგება საქმეზე…
– ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ობიექტური განაჩენი იქნება მიღებული. ჩემთვის გაურკვეველია, რა ნიშნით მფარველობდნენ უფლებადამცველები ასეთ ადამიანებს, რომლებსაც არაერთი მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი. ნანა კაკაბაძე გოჩა მახარობლიძეს, რომლის მხრებზეც ამდენი დანაშაულია, უფლებადამცველად მოევლინა და სპეციალური ბრიფინგები მიუძღვნა. კარგი იქნებოდა, ასეთივე ძალისხმევით ჭირისუფლების უფლებებიც დაეცვათ. იმედი მაქვს სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების. სხვა შემთხვევაში არსებობს გზები, რომლებიც გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ ვამხილოთ ის ადამიანები, რომლებიც ხელს უწყობენ კრიმინალებს, თავისუფლად იპარპაშონ და ადამიანები გააუბედურონ. გაირკვევა მათი ვინაობა და ისიც, რატომ სარგებლობენ ასეთი ადამიანები საზოგადოებაში ე.წ. კარგი სახელით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები