ლუბლინსა და თბილისს შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა

 პოლონეთის ქალაქ ლუბლინსა და თბილისს შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ლუბლინის მერმა ქშიშტოფ ჟუკმა მოაწერეს.
დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ცნობით, შეთანხმების თანახმად, ლუბლინი და თბილისი ხელს შეუწყობენ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტების ფარგლებში სხვადასხვა გაცვლითი პროგრამის და ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ევროინტეგრაციის პროცესში. ორივე ქალაქში ტურიზმის განვითარების მიზნით, მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას ქალაქის მართვის, მარკეტინგისა და ბრენდირების საკითხებში, გარდა ამისა, მხარეები ხელს შეუწყობენ ადგილობრივ მწარმოებლებს დაამყარონ კავშირები ორივე ქალაქში საინვესტიციო პოტენციალის გაზრდის მიზნით.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ლუბლინსა და თბილისს შორის ხელმოწერილი შეთანხმება მიზნად ისახავს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინვესტიციების მოზიდვა, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, ერთობლივი სასწავლო პროგრამების განხორციელება, უმაღლესი სასწავლებლების დაახლოება და სხვა. დავით ნარმანიამ იმედი გამოთქვა, რომ მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხები ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანი იქნება.
შეთანხმების ხელმოწერამდე თბილისისა და ლუბლინის მერებს შორის შეხვედრა გაიმართა. ქშიშტოფ ჟუკის თქმით, ლუბლინსა და თბილისს შორის თანამშრომლობის ბევრი მაგალითი არსებობს. მათ შორისაა თანამშრომლობა „ევროსითის“ პროგრამების ფარგლებში.
“ჩვენ ახალ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს ვეძებთ ევროკავშირთან ურთიერთობებში. ერთ-ერთი მათგანია პროგრამა „კრეატიული ევროპა“ ,რომელიც ხელს უწყობს კულტურასა და ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, ხოლო მეორე პროგრამა „ჰორიზონ 2020“, აკადემური სფეროს განვითარებასა და ბიზნეს უწყობს ხელს. ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობაა. ამიტომ, ვაწარმოებთ მერთან მოლაპარაკებებს ბიზნესის სექტორში და ვიმედოვნებთ, რომ ერთად საფუძველს ჩავუყრით ბიზნესის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვასა. ჩვენ გაგიზიარებთ გამოცდილებას, რათა პროექტების განსახორციელებლად ევროკავშირისგან დაფინანსება მოიპოვოთ. გვჯერა რომ ერთობლივი ძალებით შევძლებთ ევროკავშირის ბიუჯეტის გამოყენებას”, – განაცხადა ლუბლინის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები