„კოალიციამ ცვლილებისთვის“ საარჩევნო ნომრის შენარჩუნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართა

„საარჩევნო კოდექსში 2021 წელს მიღებული ცვლილებების შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტის რიგითი (საარჩევნო ნომრის) შენარჩუნებისთვის პოლიტიკური პარტია ვალდებულია, განცხადებით მიმართოს საარჩევნო ადმინისტრაციას არაუგვიანეს საარჩევნო წლის 17 ივლისისა”, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ განცხადებაშია ნათქვამი.

“სხვა შემთხვევაში კანონში ბუნდოვანი განმარტებიდან გამომდინარე, პოლიტიკურმა პარტიამ შეიძლება დაკარგოს საარჩევნო ნომერი.

საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, ეს არ არის საარჩევნო რეგისტრაცია, ეს არის განაცხადი მომავალში საარჩევნო ნომრის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ხაზს ვუსვამთ, აღნიშნული ფორმალური პროცედურები არცერთ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ რეალურად კი გაყალბებულ, კრიმინალურ, რუსულ პროცესში მონაწილეობასთან.

ამ მიზეზებიდან გამომდინარე „კოალიცია ცვლილებისთვის“ აღნიშნულ პროცედურულ განაცხადს გააკეთებს, რადგან ნომრის შენარჩუნება დაკავშირებულია პარტიის ეფექტიან საქმიანობასთან (და არა ე.წ. არჩევნებში მონაწილეობასთან) მათ შორის, არსებულ ავტორიტარული რეჟიმის პირობებში.

კოალიციის პოზიცია პირველივე დღიდან იყო ნათელი და მკაფიო, ჩვენ ვრჩებით იმ პრინციპების ერთგულები, რომელსაც დაეფუძნა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო წინააღმდეგობის მოძრაობა, რაც გულისხმობს რეჟიმთან ართანამშრომლობას და მის იზოლაციას ყველა დონეზე.

ჩვენ ვრჩებით თანმიმდევრულები საკუთარ პოზიციებში და ე.წ. პარლამენტში არშესვლის, სიების ჩახსნის, დაფინანსებაზე უარის თქმისა და ე.წ. კომისიაზე არგამოცხადების შემდეგ, უარს ვეუბნებით ე.წ. ადგილობრივ არჩევნებს, რომელში მონაწილეობასაც რეჟიმი სტატუს-კვოს ლეგიტიმაციისთვის გამოიყენებს და ვაღიარებთ მხოლოდ ახალ, თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს. აღნიშნულ განმარტებას ვაკეთებთ სამომავლო სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად.

სწორედ ამიტომ, 19 ივლისს, 19:00-ზე გელოდებით თსუ-სთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები