„ქართველებისთვის ნდობის აღდგენაზე მეტად მთები და პალმები უფრო მნიშვნელოვანია“? ანუ თბილისში დაბადებული გაგრელები და სოხუმელები

 დღევანდელ რუბრიკაში “პერსონა“ გაგრაში დაბადებული გოჩა ოჩიგავაა, რომელიც მარტო აფხაზეთის ნოსტალგიით არ კმაყოფილდება. იგი პროფესიით იურისტია და თბილისის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს სამართალს ასწავლის. რაც მთავარია, აფხაზეთთან მათ სულიერ კავშირზე ესაუბრება, მათთან ერთად საღამოებს ატარებს და თბილისში დაბადებულ გაგრელებს შორს დარჩენილ სამშობლოს აცნობს და აყვარებს…
– ბატონო გოჩა, როგორ გააცნობთ რამდენიმე წინადადებით უცხო ადამიანს საკუთარ თავს?
– საკუთარი თავის დახასიათება ყოველთვის მიჭირს… ამ შეკითხვაზე პასუხს ყოველთვის გავურბივარ, მაგრამ ერთი უდავოა, დღევანდელ დღემდე მომიყვანა რწმენამ, სიყვარულმა, შრომისმოყვარეობამ, პრინციპულობამ და სამართლიანობისთვის ბრძოლის დაუოკებელმა სწრაფვამ.
დავიბადე ქალაქ გაგრაში 1980 წლის 21 მარტს, პროფესიით ვარ იურისტი, 2008 წელს პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრაზე დავიცავი სადოქტორო დისერტაცია, ამჟამად საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ვასწავლი ევროპულ სამართალს და საერთაშორისო სამართალს.
– წარმოშობით გაგრიდან ხართ, როგორი გაგრა დარჩა თქვენს მეხსიერებაში?
– ჩემთვის არ იქნება იოლო ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობის შესახებ საუბარი, მე მხოლოდ 11 წლის ვიყავი, როცა ომი დაიწყო, მაგრამ რამდენიმე მომენტზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას: მახსოვს, ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობდა ბევრი ქართველიც, აფხაზიც, რუსი, სომეხი და სხვა ეროვნების ადამიანი, ბავშვები თავისუფალ დროს სიამოვნებით ვატარებდით ერთად, ერთად ვთამაშობდით, ვერთობოდით, სტუმრად დავდიოდით ერთმანეთთან, ურთიერთობა არც ჩვენს მშობლებს უჭირდათ. უფრო მეტიც, მეზობლის ჭირსა თუ ლხინს, განურჩევლად ეროვნებისა, ჩვენის ეზოს თითოეული მკვიდრი იზიარებდა.
დარწმუნებული ვარ, ამ ფაქტს არაერთი ჩემი თანამოქალაქე დაადასტურებს. ასე იყო ყველგან, აფხაზეთის ყველა ქალაქსა თუ სოფელში.
– ცნობილ და პატივცემულ ქალაქელებს ხომ ვერ გაიხსენებდით?10388529_760394663991698_1187975942_n
– ჩემი მაშინდელი ასაკიდან გამომდინარე, ძნელია, ცნობილ ადამიანებსა და მათ დამსახურებაზე ვისაუბრო, თუმცა თავს უფლებას მივცემ, ერთი აფხაზი ქალბატონი გავიხსენო: ქალაქის საავადმყოფოს მთავარი ექიმი – ვალენტინა ჩაჩბა, ის იყო უდავოდ მაღალი ადამიანური თვისებებით შემკული პიროვნება და ჩვენი დროის ნამდვილი გმირი. აფხაზეთის ომის დროს და შემდგომ პერიოდშიც, ქალბატონმა ვალეტინამ არაერთი გაგრელი (მათ შორის მამაჩემიც) იხსნა სიკვდილისაგან.
– დღეს იურისპრუდენციას ასწავლით სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მთავარი ამოსავალი პრინციპი , რასაც მათ ხშირად უმეორებთ, რა არის: რა უნდა იცოდეს ნამდვილმა იურისტმა?
– დიახ, ასეა. ჯერ ამ პროფესიაზე გეტყვით: იურისტობა არ არის ადვილი, ხშირად გვიწევს სტუდენტებისთვის იმის ახსნა, თუ რატომ არსებობს ტერმინი “სამართლიანი სასამართლო”. თუ გადაწყვეტილება სამართლებრივია, რატომ არ არის ის ყველასთვის სამართლიანი? ეს ისეთი პროფესიაა, როცა ზოგჯერ გიწევს, კანონის უზენაესობის პრინციპიდან გამომდინარე, გადააბიჯო საკუთარ თავს, შეხედულებებს, დამოკიდებულებას კონკრეტული საკითხისადმი, იცი, რომ ყველას შენი მოქმედება არ დააკმაყოფილებს, მაგრამ აქ მთავარი კანონის მოთხოვნაა და არა შენი ან ნებისმიერი სხვა ადამიანის დამოკიდებულება ამ კანონისადმი. ამიტომ ვაფრთხილებ სტუდენტებს, რომ ნუ გაუკვირდებათ, თუკი სწავლის პერიოდში საკუთარი ღირებულებების გადაფასება მოუწევთ, თუმცა ვაიმედებ, რომ ჩვენს ქვეყანაშიც დადგება დრო, როცა სამართლებრივი სულ უფრო მეტად მოვა შესაბამისობაში სამართლიანთან და პირიქით!
– აფხაზეთის თემა დღეს, როგორც არასდროს, ისე აქტუალურია. როგორ ფიქრობთ, რა გზით დავიბრუნებთ აფხაზეთს, ან უფრო სწორად, დავბრუნდებით იქ?..
– ერთხელ ეს შეკითხვა აფხაზ მეგობარს დავუსვი და, თუ ნებას მომცემთ, მის აზრს გაგიზიარებთ, რაც ვფიქრობ, ქართველებისთვის მეტად ყურადსაღებია; “ქართველები ხშირად საუბრობთ აფხაზეთის დაბრუნებაზე და არა აფხაზებთან ნდობის აღდგენაზე, თითქოს, ლურჯი მთები და პალმები უფრო მნიშვნელოვანი იყოს თქვენთვის?! ჩვენს მთავრობას უწოდებთ “დე – ფაქტოს”, ამ დროს აფხაზეთის პრობლემის მოგვარებას ანდობთ თბილისში თბილ სკამებზე მოკალათებულ აფხაზეთის ვითომ ლეგიტიმურ მთავრობას, რომლის შემადგენლობაშიც 22 წელია, სახეები არ შეცვლილა. არძინბას მოღალატეს და მტერს უწოდებთ და არც გიცდიათ სამართალში მიგეცათ ის ჩინოვნიკები, რომლებიც აფხაზეთის კონფლიქტის გაღვივებაში თვითონ ქართველმა ხალხმა დაადანაშაულა. გეცადათ მაინც მათი პასუხისმგებლობის საკითხის წამოჭრა, იქნებ, არ ტყუის ეს ხალხი ქვეყნისა და ერის წინაშე, არ იქნებოდა ურიგო, მაღალი თანამდებობის მქონე პირებს ევროკავშირიდან და ნატოდან მიემართათ დღეს აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისათვის და მათთვის მყარი გარანტია და რეალური დაპირება მიეცათ. რა მოხდება ქართველების დაბრუნების შემდეგ, გვაჩვენეთ, წაგვაკითხეთ თქვენი სამოქმედო გეგმა“… აი, ეს მისი სიტყვებია და კარგი იქნება, თუკი მას ის ადამიანებიც გაეცნობიან, ვისაც რეალურად შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება…
– ვიცი, რომ აქტიურად ესაუბრებით ახალგაზრდებს აფხაზეთზე, მის ისტორიაზე და თქვენი ეს ქმედება გასაგებია, ჩვენს შორის სიცარიელე არ უნდა გაჩნდეს,- ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის…10425693_760395250658306_1927829184_n
– მინდა, რაც შეიძლება მეტი მოვუთხრო ახალგაზრდებს აფხაზეთზე, მის ისტორიაზე, ღირშესანიშნაობებზე… ვუყვები ქართულ-აფხაზურ ოჯახებზე, მათ ისტორიებზე, ხშირად ვმართავთ შეხვედრებს და ვსაუბრობთ აფხაზეთის მომავალზე საქართველოს საზღვრებში. ამ თემაზე საღამოებს უკვე მესამე წელია ვატარებთ.
ჩვენი პირველი მხარდამჭერები იყვნენ: თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტი “გორგასალი” და საზოგადოება “გაგრა”, წელს ის საქველმოქმედო იყო. გადავწყვიტეთ აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, მადლობელი ვარ თითოეული ჩემი სტუდენტის და უწყების, ვინც მხარში დაგვიდგა. წელს ჩვენს გვერდით მომღერალი მარიკო ებრალიძე, მუსიკალური ჯგუფი “ქიმერა”, ფოლკლორული ანსამბლები – “ქართველო” და “ლაზარე” იდგნენ. საღამოს დაწყებამდე ცნობილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, რა თქმა უნდა, აფხაზეთის თემაზე… – სტუდენტები კავკასიის ახალგაზრდული გაერთიანების აფხაზეთიდან დევნილ 5 -შვილიან ოჯახს დაეხმარნენ.
– თუ შეიძლება ითქვას, ლირიკული იურისტი ხართ, რომელიც ლექსებს წერს…
– დიახ, პოეზია ჩემთვის სულიერი თავშესაფარივითაა. ერთ მათგანს გავაცნობ ,,კვირას“ მკითხველებს.
ლექსს ჰქვია: “დრო კაცის ყოფას წამებში ატევს“…
თუნდაც ვიცოცხლო ათასი წელი –
განშორების დღე უდავოდ მოვა,
სიცოცხლით დაღლილს მომწყდება წელი,
ციდან ფიქრების შეწყდება თოვა…
წამოვა წვიმა, უსიტყვოდ წავალ,
მერე მზეს ვანდობ გაწუწულ ფიქრებს,
ახლა დარჩენილ ტკივილსღა ვწამლავ,
ხელს თბილი სხივი ზეციდან მიქნევს.
წავალ, როდესაც დავიხსნი მიწას,
ზღვა და ლურჯი მთა რომელსაც აკრავს,
როდესაც გულში ჩავიკრავ რიწას
და შვილთაშვილებს დავურწევ აკვანს…
როცა ერთობა იმედის დილას
დიდების გვირგვინს დაადგამს თვლიანს,
როცა ვიხილავ მზეს, დარდს რომ ჩრდილავს
და ჩემს სამშობლოს ბედნიერს, მთლიანს!
გავყვები მზის სხივს, ამიყვანს ცაში,
იქ ეშხით დამწვავს ბუნების ქნარი,
შორს გამიტაცებს ოცნების რაში
და ფერფლადქცეულს წამიღებს ქარი.
მოვეფინები ნაწვიმარ ქუჩებს
და ზღვის ნაპირებს ახალი გაგრის,
მშობლიურ მიწას შევახებ ტუჩებს,
მოვუხმობ წარსულს, ზეცად რომ დაქრის,
როცა შევიგრძნობ ფიქრების თრთოლვას,
მოვალ მშვიდობად, სინათლედ, ლოცვად…
მოვალ სიმშვიდედ, დავიწყებ თოვას
და დავადნები ქვეყანას კოცნად.
დრო კაცის ყოფას წამებში ატევს,
სულ არ მწადია დღეების მოთვლა;
მამულზე ფიქრი ჭაღარას მმატებს,
თოვლმა დაიწყო ქუჩების მორთვა.
ყველა სიმღერა ვიმღერო მინდა,
ყველა ლექსის თქმა სურვილებს ერთვის,
ამ ლექსებს გული ალერსით ქმნიდა,
რომ მესახსოვრა, მამულო! შენთვის.
– დაასრულეთ აზრი: მართალია ის, ვინც.. .
– მართალია ის, ვინც დატოვა აფხაზეთი, იმისთვის, რომ შვილები, შვილიშვილები გადაერჩინა, მათ მომავალზე ეზრუნა… მართალია ის ახალგაზრდა, რომელიც, დაბადების ადგილის მიუხედავად, ამაყად ამბობს: “მე ვარ გაგრელი”, მე ვარ სოხუმელი”, მე ვარ აფხაზეთიდან და ეს იმედს გვისახავს, რომ ამ მიწაზე ქართული კერა არასოდეს ჩაქრება.. .

თეონა გოგნიაშვილი

10439740_760394750658356_1947122873_n

10446407_760395530658278_1824316463_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები