ლევან მახაშვილი: დასაფასებელია, როდესაც ზეწოლის მიუხედავად, ცალკეული სახელმწიფოს წარმომადგენლები ღიად გამოხატავენ პოზიციებს
„დასაფასებელია, როდესაც ზეწოლის მიუხედავად, ცალკეული სახელმწიფოს წარმომადგენლები ღიად გამოხატავენ პოზიციებს,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელის დანიელ ფესლერის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ვიღაცისგან გაგონილ ამბებს არ ყვება დანიელ ფესლერი, საუბრობს იმაზე რაც ნახეს საქართველოში არჩევნების დროს.
„დასაფასებელია, როდესაც ზეწოლის, ბულინგის მიუხედავად, ცალკეული სახელმწიფოს წარმომადგენლები საჯაროდ, ღიად გამოხატავენ თავიანთ პოზიციებს. კონკრეტულ, არა ვიღაცისგან გაგონილ ამბებს, არამედ იმის საფუძველზე თუ რა ნახეს მათ უშუალოდ საქართველოში არჩევნების დროს. თავად ესწრებოდნენ ეს ადამიანები ამ არჩევნებს. თავად ნახეს როგორ წარიმართა ეს პროცესი და ასევე, რაც მთავარია, თავად ნახეს არჩევნების შემდგომ დამკვირვებლების პირველადი, ძირითადი განხილვები და საუბრები. სწორედ ამასთან დაკავშირებით აღინიშნა კიდეც, რომ უნაკლოდ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელმა ეუთოში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოში არჩევნები იდეალურად იყო ორგანიზებული და არანაირი დარღვევა არ ყოფილა, მაგრამ არჩევნების შედეგი ბევრი ევროპული ქვეყნისთვის სასიამოვნო არ აღმოჩნდა.