“არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც სწორად და სამართლიანად აფასებენ იმ პროცესებს, რაც ჩატარებულ არჩევნებთან არის დაკავშირებული” – მიქანაძე
“არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც სწორად და სამართლიანად აფასებენ იმ პროცესებს, რაც ჩატარებულ არჩევნებთან არის დაკავშირებული და არიან თავისუფალნი იმ წნეხისგან, რომელიც ორმაგი სტანდარტების და კონკრეტული მიზნების გატარების კონტექსტში არის გამოვლენილი”, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე აცხადებს.
ის ეუთო-ს სესიაზე შვეიცარიის დელეგაციის წევრის, დანიელ ფაზლერის განცხადებას ეხმაურება, რომ ის პირადად აკვირდებოდა არჩევნებს საქართველოში, რომელიც, მისივე თქმით, სამართლიანი და იდეალურად ორგანიზებული იყო.
“ეს განცხადება ასეთ მაღალი ტრიბუნიდან ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ არიან კონკრეტული დაინტერესებული ძალები, რომლებიც საქართველოში ქაოსური მდგომარეობას ქმნიან, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ სიმართლეს, სამართლიანობას უჭერენ მხარს და აღიარებენ იმ სამართლიან არჩევნებს, რომელიც უმაღლესი სტანდარტით ჩატარდა გასული წლის ოქტომბერში”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.