“მე როდის შევწყვეტ შიმშილობას, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა” – ელენე ხოშტარია
“მე როდის შევწყვეტ შიმშილობას, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა – მე არავის ველაპარაკები მოთხოვნით, მით უმეტეს, ოპოზიციაში არავისთან ვსაუბრობ შანტაჟის ენით”, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ხმამაღლა ლაპარაკობს იმ სტრატეგიაზე, რომელიც აუცილებლად მიაჩნია.
„მე როდის შევწყვეტ შიმშილობას, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. მე მაქვს ნათქვამი, რა არის პოლიტიკური ამოცანები. პოლიტიკური ამოცანა არის ერთობა არ თანამშრომლობის გარშემო და აქტიურ მოქმედებებზე გადასვლა. მათ შორის, აქტიურ საპროტესტო მოქმედებებზე გადასვლა, რაშიც მე ძალიან აქტიურად ვიქნები ჩართული. ჩვენ ამ მიზნისკენ მივდივართ და დარწმუნებული ვარ, როგორი ერთობითაც მოვედით აქამდე ამ არ თანამშრომლობის საკითხში – პარლამენტში იქნებოდა ეს თუ კომისიაზე – ასეთივე ერთობით გავაგრძელებთ ბრძოლას, რომელიც დღეს გადამწყვეტია, რომ რეჟიმი, რომელიც ირყევა, ბოლომდე ჩამოიქცეს ჩვენი აქტიური მოქმედებებით. მე არავის ველაპარაკები მოთხოვნით, მით უმეტეს, ოპოზიციაში არავისთან ვსაუბრობ შანტაჟის ენით. მე ვლაპარაკობ ხმამაღლა იმ სტრატეგიაზე, რომელიც მე აუცილებლად მიმაჩნია და რომელზეც მინდა რომ შევჯერდე აბსოლუტურად ყველასთან, რადგან მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ ჩემი ბრძოლა არ არის, ეს არის ყველა მოქალაქის და პოლიტიკური პარტიის ბრძოლა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.