კახა კალაძე: ჩემი წარმატება თბილისიდან დაიწყო და პატარა ბავშვივით მიხარია ყველა განხორციელებული პროექტი და შესრულებული სამუშაო
„ჩვენ გვაძლიერებს და უდიდეს მოტივაციას გვაძლევს მადლიერების სიტყვა ყველა იმ ადამიანის, ვისაც ჩვენი სამშობლო უყვარს და უხარია თბილისში განხორციელებული პროექტები“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დღეს, გამართულ ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენს ხედვას, თუ როგორ უნდა განვითარდეს დედაქალაქი, რომ კიდევ უფრო ლამაზი და გამწვანებული იყოს.
„დღეს, ვისაუბრეთ წარმატებულ პროექტებზე, თუმცა გვესმის, რომ ბევრი პრობლემა რჩება. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც იცის, რა სჭირდება ქალაქს, რა სჭირდება თბილისს უკეთესი რომ გახდეს. ცოტა მოგვიანებით საზოგადოებას წარვუდგენთ ხედვას, როგორ ვხედავთ მის განვითარებას, რომ კიდევ უფრო ლამაზი, გამწვანებული იყოს ჩვენი დედაქალაქი. ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ ამ შედეგებს მივაღწიოთ.
მადლობა დედაქალაქის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის. გვაძლიერებს და უდიდეს მოტივაციას გვაძლევს მადლიერების სიტყვა ყველა იმ ადამიანის, ვისაც ჩვენი სამშობლო უყვარს და უხარია თბილისში განხორციელებული პროექტები. თბილისთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, ჩემი წარმატებაც ამ ქალაქიდან დაიწყო. დიდი პატივია ჩემთვის, ვიყო ამ ქალაქის მერი. პატარა ბავშვივით მიხარია ყველა განხორციელებული პროექტი და შესრულებული სამუშაო“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და ცენტრალურ მთავრობას – სხვადასხვა პროექტების განხორციელების დროს თანადგომისთვის: „მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი ვგრძნობთ მთავრობის თანადგომას. მადლობა ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს. ხშირია შემთხვევები, როცა გვიწევს თანამშრომლობა საკანონმდებლო მიმართულებით, მთელი რიგი ცვლილებების განხორციელება. მადლობა პარლამენტის წევრებს მხარდაჭერისთვის. ჩვენ კი ვიზრუნებთ იმისთვის, რომ მეტი სიკეთე ჰქონდეს თბილისს და თბილისელებს“.