კახა კაკაბაძე: ხორბლის მოსავლიანობისა და ხარისხის ზრდა სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ამოცანაა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მეხორბლე ფერმერებსა და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ხორბლის მოსავლის აღების ეფექტიან ორგანიზებაზე, მოსავლის დროულად და უსაფრთხოდ დაბინავების პროცესზე, ასევე რეალიზაციის მექანიზმების გაუმჯობესებასა და ტექნიკური რესურსების დროული მობილიზების აუცილებლობაზე. განსაკუთრებულად აღინიშნა სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობა მეხორბლე ფერმერთა მხარდაჭერისა და მთლიანად დარგის განვითარების მიმართულებით.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მეხორბლე ფერმერთა მხარდაჭერა მუდმივი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, ხორბლის მოსავლის აღების დაწყებისთანავე შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის ეფექტიან მართვას, ტექნიკური რესურსების მობილიზებასა და არსებულ გამოწვევებზე დროულ რეაგირებას. მოსავლიანობისა და ხარისხის ზრდა სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ამოცანაა“, – განაცხადა კახა კაკაბაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ხორბლის მოსავლის აღების პროცესში აქტიურად არის ჩართული დაახლოებით 250 კომბაინი, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფოს თანადაფინანსებით არის შესყიდული. ფერმერთა ტექნიკური ხელშეწყობა და დარგის მოდერნიზაცია წარმოადგენს სამინისტროს პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას.

2020 წლიდან სახელმწიფო ახორციელებს ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას, რომლის ფარგლებში უკვე 80 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. პროგრამის მიზანია ფერმერთა კონკურენტუნარიანობის გაძლიერება, ტექნიკური გადაიარაღება და სოფლის მეურნეობის დარგის მდგრადი განვითარება.

სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ალადაშვილის განცხადებით, კახეთი ტრადიციულად მარცვლოვანი კულტურების ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია და წლევანდელი სეზონის მიმდინარეობა ნათლად აჩვენებს, რომ რეგიონს აქვს პოტენციალი, კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი წვლილი ქვეყნის სასურსათი უსაფრთხოების საქმეში.

„წლევანდელი ალოობის სეზონი კარგად ორგანიზებული და კოორდინირებული პროცესია, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობების, ისე სამინისტროსა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით. პირადად მოვინახულეთ ხორბლის აღების პროცესი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტექნიკა სრულ მზადყოფნაშია, ფერმერები მოტივირებულები და მხარდაჭერილები არიან. ჩვენი ამოცანაა, ხორბალი დაცულად და დროულად დაბინავდეს. მოსავლის მაჩვენებლები ოპტიმისტურ მოლოდინს გვიჩენს – მოსავლიანობა და ხარისხი წელს აშკარად უკეთესია და ველით, რომ შედეგები გასული წლის მაჩვენებლებს გადააჭარბებს“,- განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.

მარცვლეულის მწარმოებლები და წისქვილკომბინატების წარმომადგენლები ხორბლის მოსავლის აღების საკოორდინაციო შტაბის შექმნას მიესალმებიან და აღნიშნავენ, რომ მას დიდი მნიშვნელობა აქვს პროცესის გამჭვირვალედ და ორგანიზებულად წარმართვისთვის.

„ხორბლის მოსავლის აღება უკვე დაწყებულია. მოსავალი  ნორმალურია, რაც გვაძლევს საფუძველს, კარგ შედეგებს ველოდოთ. პროცესი ორგანიზებულად მიმდინარეობს და ახლა მთავარი მოლოდინი უკავშირდება ბაზარზე ფასების ჩამოყალიბებას, რათა ფერმერებმა შეძლონ მოსავლის გაყიდვა და შემოსავლის მიღება. ჩვენი მიზანია, ფერმერებმა შეუფერხებლად დააბინავონ მოსავალი, გააგრძელონ წარმოება და ერთად მივაღწიოთ როგორც მოსავლიანობის, ისე ხარისხის ზრდას”,- აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ, მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე შირაქის ველზე ხორბლის აღების პროცესს პირადად გაეცნო. შეხვედრას ესწრებოდნენ დედოფლისწყაროს მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები