ირანის საგარეო მინისტრი: ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმებმა სერიოზული ზიანი გამოიწვია
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულმა დარტყმებმა ფართო და სერიოზული ზიანი გამოიწვია. ინფორმაციას CNN-ი, ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უნდა ვთქვა, რომ ზიანი ფართო და სერიოზულია, მაგრამ უნდა მოვიდნენ თუ არა „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს“ ინსპექტორები და უნდა იყვნენ თუ არა სრულად ინფორმირებულები, ეს გადაწყვეტილება პარლამენტის კანონის შესაბამისად უნდა იქნეს მიღებული. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება ეროვნული უშიშროების უზენაესმა საბჭომ უნდა მიიღოს“, – განაცხადა არაღჩიმ.
შეგახსენებთ, ირანის პარლამენტმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან ქვეყნის თანამშრომლობის შეჩერებას მხარი დაუჭირა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ირანის უშიშროების უზენაესმა საბჭომ უნდა მიიღოს.