ნიკა მელიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა

„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, მელიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან, 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. ამასთან, 2019 წლის განაჩენით აღუსრულებელი სასჯელი- ჯარიმა 25 000 ლარი დაემატა განაჩენს.

ცნობისთვის, ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს.

მას აღკვეთის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რაც მელიამ კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. სწორედ აღნიშნული გახდა მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი. თუმცა, სასამართლო გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე, ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მოგვიანებით კი, გირაო პატიმრობით შეუცვალეს. ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს.

ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები