მაკა ბოჭორიშვილი: ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები მოელიან, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოყენებული იქნება არა მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ ქართველი ხალხის დასაზიანებლად
„უვიზო მიმოსვლა არის ძალიან დიდი მონაპოვარი, რომლითაც ქართული ოცნების ხელისუფლებამ არ შეიძლება არ იამაყოს – ეს ჩვენ გავაკეთეთ 2012 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა საქართველოს ჰქონოდა უვიზო მიმოსვლა და საქართველოს მოქალაქეებს ესარგებლათ ამ სიკეთით.”- ამის შესახებ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, როცა ქართული ოპოზიცია ხვდებოდა ბრიუსელში ევროპულ მხარეს, აქტიურად იყო მცდელობები, რათა უვიზო მიმოსვლის საკითხი, ინსტრუმენტად ყოფილიყო გამოყენებული საქართველოს და ქართული ოცნების წინააღმდეგ:
„ყოველთვის, მუდმივად იყო მცდელობა ამ საკითხის პოლიტიზირების და პოლიტიკური მიზნების გამოყენებისთვის. მათ შორის, 2016 წლის არჩევნების პერიოდშიც. თუმცა, იმდენად კარგად აკეთებდა საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს, იმდენად კარგად მიდიოდა პროცესი, რომ ამ კრიტიკულ პერიოდშიც და შეფასების პროცესშიც, შეუძლებელი იყო არ მიგვეღო უვიზო მიმოსვლა.” – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის თქმით, საჭირო იყო თემა, რომელიც გავლენას მოახდენდა არჩევნებზე, უვიზო რეჟიმის შეჩერება სწორედ ამ თემად მოიაზრებოდა, ისევე როგორც კადიდატის სტატუსის არ მოცემა: „ამით ეგონათ ამოყირავდებოდა ქართული ოცნების ხელისუფლება, შეიცვლებოდა ხელისუფლება და ეს იქნებოდა რევოლუციის საფუძველი,” – აღნიშნა მინისტრმა.
„მე გავიხსენებ წინა პერიოდს, სანამ უვიზო მიმოსვლას მივიღებდით, მე მაშინ ბრიუსელში გახლდით, 2010-2014 წლები იყო, ეს იყო ჩემი მეორე როტაცია, უვიზო მიმოსვლის საკითხი იყო ჩემი პორტფელი, რომელზედაც მე მაშინ ვმუშაობდი დღიდან დიალოგის დაწყებისა, ჩემი როტაციის ბოლომდე, ამ საკითხზე მე ვიყავი პასუხისმგებელი საქართველოს საელჩოში და ძალიან კარგად მახსოვს ყველაფერი, მათ შორის, ყველა სირთულე რაც ახლდა ამ თემას.საქართველო იყო ბოლო, ვინც დაიწყო უვიზო მიმოსვლაზე დიალოგი 2012 წელს, მოლდოვას უკვე ბოლომდე ჰქონდა მიყვანილი ეს საკითხი, უკრაინაც დიალოგში იყო ევროკავშირთან, ეს ყველაფერი 2008 წელს დაიწყო, სწორედ საქართველო- რუსეთის ომის შემდეგ, უკრაინას და მოლდოვას მას შემდეგ მიეცათ შესაძლებლობა, რომ გაეხსნათ ასოცირების მოლაპარაკებები და დაეწყოთ უვიზო მიმოსვლა.” – აღნიშნა მინისტრმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, იმ პერიოდში, ყოველწლიურად იზრდებოდა იმ საქმეების მოცულობა, რომელსაც ევროპული მხარე გადმოცემდა საქართველოს:
„ძალიან ბევრი პრობლემა იყო, მაშინ ( 2008 წელს) მათ შორის, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.უვიზო მოსვლა ძალიან ბევრი სხვადასხვა საკითხებისგან შედგებოდა.
სხვადასხვა მიმართულებით პროგრესი უნდა გვეჩვენებინა. მართლაც, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა პირველ საკანონმდებლო ფაზაზე, 2013 წლიდან, როდესაც სამოქმედო გეგმა გადმოეცა და სხვათა შორის, საინტერესო მომენტი იყო, მაშინ ჯერ კიდევ ქალბატონი სალომე სამადაშვილი იყო ელჩი ბრიუსელში, როდესაც მოხდა ხელისუფლების ცვლილება და მაშინ, როდესაც აქტიურად განვიხილავდით, როდის უნდა ჩამოსულიყო ევროკომისარი, ქალბატონი სესილია მალმსტრომი გახლდათ შინაგან საქმეთა კომისარი, რომელსაც უნდა გადმოეცა ქართული მხარისთვის სამოქმედო გეგმა და შეფერხების პროცესიც მახსოვს ამ პერიოდში. ყველანაირი მცდელობა იყო იმისთვის, რომ დროულად არ ჩამოსულიყო არ გადმოეცა სამოქმედო გეგმა და რაღაცნაირად გაწერილიყო ეს პროცესი.” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილი განცხადებით, უვიზო მიმოსვლის შეჩერების ინსტრუმენტი არის რეზერვში და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს გააქტიურებულნი არიან – უვიზო მიმოსვლის შეჩერება არის ერთ-ერთი, რასაც ისინი მოელიან, რომ გამოყენებული იქნება საქართველოს წინააღმდეგ.