გივი მიქანაძე ოპოზიციის და არასამთავრობოების ქმედებებზე: ეს არის მიზანმიმართული, ქვეყნის საწინააღმდეგოდ ორკესტრირებული კამპანია – ძალებმა, რომლებსაც სურთ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, კარგად იციან, რომ ლეგიტიმური გზით ვერ აღწევენ საწადელს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყნის იმიჯი დააზიანონ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, “ქართული ოცნების” დეპუტატმა გივი მიქანაძემ, 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებები, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შეაფასა.
მისი განცხადებით, საერთო ჯამში, ოპოზიციონერი დეპუტატების და არასამთავრობო სექტორის კონკრეტული წარმომადგენლების ქმედებები ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული ორკესტრირებული კამპანიაა. მიქანაძე მიიჩნევს, რომ ძალები, რომლებმაც იციან, რომ ლეგიტიმური გზით ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან, ცდილობენ საქართველოს იმიჯი დააზიანონ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.
“საერთო ჯამში, ეს არის მიზანმიმართული, ქვეყნის საწინააღმდეგოდ ორკესტრირებული კამპანია. ამ კონკრეტულმა ძალებმა, რომლებსაც სურთ, რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ძალიან კარად იციან, რომ ლეგიტიმური გზით ვერ აღწევენ საწადელს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შექმნან არასწორი განწყობები, არასწორი განცდები და ქვეყნის იმიჯი დააზიანონ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამის საფუძველზე, მათ უნდათ, რომ გარკვეული მხარდაჭერა მოიპოვონ. რა თქმა უნდა, კოორდინირებულად მოქმედებენ იმ ძალებთან, რომლებიც უშუალოდ კავშირში არიან, მართავენ მათ და მათი ინსტრუქციებით მოქმედებენ. შესაბამისად, რაზეც დღეს ვისაუბრეთ, საზოგადოებისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, ეს ინფორმაცია ისედაც ჰქონდა საზოგადოებას, უბრალოდ, დღეს მომეცა საშუალება, უფრო დეტალურად განმეხილა ეს საკითხი.” – განაცხადა გივი მიქანაძემ.