სალუქვაძე – ისრაელ-ირანის კონფლიქტზე: ეს ძალიან სერიოზული საკითხია და არ მგონია, რომელიმე სახელმწიფო ამ ნაბიჯზე წავიდეს
“ეს ძალიან სერიოზული საკითხია და არ მგონია რომელიმე სახელმწიფო ამ ნაბიჯზე წავიდეს”, – ამის შესახებ ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
„როგორც იცით, ბირთვული იარაღი მხოლოდ ერთხელ გამოიყენეს. საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით არის ცალსახა. ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც მიმართავს ამ გზას, დიდი რისკის წინაშე დააყენებს პირველ რიგში საკუთარ თავს. რუსეთ-უკრაინის ომის დროსაც ბევრს ჰქონდა მოლოდინი, რომ რუსეთს შესაძლოა გამოეყენებინა [ბირთვული იარაღი], მაგრამ მარტივი გადასაწყვეტი ეს არ არის.
ისრაელი ბირთვული სახელმწიფოა და ფლობს ბირთვულ იარაღს, ამ ნაბიჯზე რომ წავიდეს, ალბათ უნდა დადგეს ისრაელის ყოფნა-არყოფნის, სახელმწიფოს გადარჩენის საკითხი. ჯერჯერობით ეს პრობლემა არ დგას. უახლოეს დღეებში დეესკალაციას არ ველი, მაგრამ იმედი მაქვს, მოხერხდება როგორმე დუღილის ტემპერატურის დაწევა.
რაც არის ცნობილი, ამ ეტაპზე ირანს ბირთვული იარაღი არ გააჩნია, შესაბამისად, არ ველოდები [რომ გამოიყენებს]. საუბრობდნენ, რომ შესაძლოა პაკისტანმა და სხვებმა გამოიყენონ იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი გამოიყენებსო. ეს ძალიან სერიოზული საკითხია და არ მგონია რომელიმე სახელმწიფო ამ ნაბიჯზე წავიდეს“, – აღნიშნა სალუქვაძემ.