გიორგი ვოლსკი: ადგილობრივ არჩევნებში ეუთო\ოდირის დაკვირვების მისია გათვალისწინებული არ არის
„ზოგადად, ადგილობრივ არჩევნებში ეუთო\ოდირის დაკვირვების მისია გათვალისწინებული არ არის – ამის პრაქტიკა მსოფლიოში არ არსებობს,“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეუთო/ოდირის ჩამოსვლის მოთხოვნა არის გარკვეული ფანდი – ხელმძღვანელებზე ზეწოლა მოახდინეს, პოლიტიკურად დაამცირეს და სერიოზულად გაილაშქრეს, ახლა მათ ჩამოსვლას ითხოვენ, რაც თვალთმაქცობაა.
„ზოგადად, ადგილობრივ არჩევნებში ეუთო/ოდირის დაკვირვების მისია გათვალისწინებული არ არის. ამის პრაქტიკა მსოფლიოში არ არსებობს, მაგრამ ამავე დროს [ოპოზიციის მხრიდან] ეუთო/ოდირის ჩამოსვლის მოთხოვნა არის გარკვეული ფანდი იმისთვის, რომ თავისივე უარყოფილი ორგანიზაცია, რომელთა ხელმძღვანელებზე ზეწოლა მოახდინეს, პოლიტიკურად დაამცირეს და სერიოზულად გაილაშქრეს მის წინააღმდეგ მას მერე, რაც მათ საქართველოსთან მიმართებით 2024 წლის ოქტომბერში პოზიტიური გადაწყვეტილება დადეს. ახლა მათ ჩამოსვლას ითხოვენ, რაც თვალთმაქცობაა. არჩევნებზე დამკვირვებლების რაოდენობაც იქნება და კომისიაში ყველა ოპოზიციას ეყოლება თავისი წარმომადგენელი. გვახსოვდეს, რომ მსოფლიოში ბევრი ქვეყანა არაა, რომელსაც ელექტრონული არჩევნების სისტემა აქვს. ასე რომ, დარწმუნებული ვართ, რომ არჩევნები მაღალ დონეზე, ევროპული სტანდარტით ჩაივლის და შედეგიც იქნება”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად, ეუთო/ოდირის მისია მოიწვიოს და ასევე, გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია. ამის შესახებ ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მონიტორინგს, რაც პროფესიონალური და გამჭვირვალე საარჩევნო ზედამხედველობის მნიშვნელოვანი ნაწილია.