დაჩი ცაგურია 2009 წლის 15 ივნისის დარბევის შემდგომ მოვლენებზე: საკანში მეწვია ეკა ხერხეულიძე „ნაცმოძრაობის“ წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე – მიყურა, მიყურა და მითხრა – იცი რას გეტყვიო, შენო საცემი ხარ და მაგიტომაც გცემესო, ახალაიაზე და მიშაზე შენ ხმას როგორ იღებ, ქვეყნის პატრიოტებზეო

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევის შემდეგ განვითარებული მოვლენები განიხილება, ყოფილმა პოლიტპატიმარმა დაჩი ცაგურიამ ისაუბრა.

დაჩი ცაგურიას განცხადებით, საკანში მასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ხერხეულიძე შევიდა, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტისთვის გადაეცა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, დაჩი ცაგურიას უთხრა, რომ ის ცემის ღირსი იყო და იმიტომაც სცემეს.

„საკანში მეწვია ეკა ხერხეულიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ხმალამოღებული წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იმ დროს. მოვიდა და მაშინვე აგდებული დამოკიდებულებით, აბა ერთი სად ხარ დამენახეო, მაშინვე ვუთხარი რა გინდა, რატომ მოხვედი-მეთქი. მეო ხომ იციო, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვარო. ხომ და, ხომ ხედავ ნაცემი, ნაწამები ამ მდგომარეობაში ვარ და ხომ ხარ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ხო და გაყენებ საქმის კურსში, რომ მიხვიდე და მოახსენო შენს პარლამენტს და შენი სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულო, მოვუყევი ყველაფერი რაც ხდება-თქო. მიყურებს, მიყურებს და იცი რას გეტყვიო, შენო საცემი ხარ და მაგიტომაც გცემესო, დიახაც საცემი იყავიო, ახალაიაზე შენ ხმას როგორ იღებო, ქვეყნის პატრიოტებზე, მიშაზე ხმას როგორ იღებ, მიშა რომ არ ყოფილიყო ქვეყანა აღარ გვექნებოდაო და რაღაც სისულელეები. გავოგნდი და ვკითხე ხომ არ მეშლება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ხომ ხარ-თქო. მოდიხარ და ნაცემ პატიმარს მეუბნები, რომ ღირსი ვიყავი-თქო და კიო, ღირსი იყავიო. თავზე დავახურე, გავეცი პასუხი, ვინც და რაც იყო, მაგრამ მასთან დისკუსია აღარ მინდოდა. ვუთხარი შემიყვანეთ კამერაში აღარ მინდა მასთან ლაპარაკი-მეთქი“,-განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები