“წელს ტურისტული ნაკადი საკმაოდ მაღალია”- ქეთი კვიჭიძე ზაფხულის ტურისტული სეზონის მიმდინარეობას აფასებს

“გასტრონომიული და რურალ ტურიზმის ასოციაციის” დამფუძნებელი, ქეთი კვიჭიძე, ზაფხულის ტურისტული სეზონის მიმდინარეობას აფასებს. როგორც კვიჭიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აჭარას უკვე ბევრი ტურისტი სტუმრობს. მისივე თქმით, კახეთში წელს ტურისტული ნაკადი შედარებით მომატებულია.

“წელს ტურისტული ნაკადი საკმაოდ მაღალია. განსაკუთრებით აღსანიშნავია აჭარა, სადაც ძალიან ბევრი ტურისტი გვყავს. წელს შედარებით მომატებულია კახეთში და ასევე ძალიან კარგი პოტენციალი აქვს ყაზბეგს. მთის ტურიზმი კარგად მიდის, ჯერჯერობით კარგად ვართ, ფრენები თუ არ შეგვიშლის ცოტა ხელს, რადგან რაღაც დროები ცოტა გადაიდო (ისრაელის მიმართულებას ვგულისხმობ).

რაც შეეხება გასტროტურიზმზე მოთხოვნას – ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება, ტურისტებისთვის უფრო საინტერესო ხდება. ვფიქრობ, რომ ის პოტენციალი და შრომა, რასაც ვდებთ, ნელ-ნელა შედეგს უფრო გამოიღებს. გასტროტურისტებს ჩვენი კერძები მოსწონთ, რომლებიც ძალიან არომატულია. მოსწონთ ჩვენი პროდუქტი, მაგალითად, ვარდისფერი პომიდორი, რომელიც, ალბათ, სხვაგანაც მიგვირთმევია, მაგრამ ჩვენთან მართლაც უნიკალური გემო აქვს. მოსწონთ გემოები და სურნელი, რომელიც გვაქვს , რა თქმა უნდა, ღვინო. ანუ გასტრონომიას და ღვინოს, ფაქტობრივად, ერთად განიხილავენ. ნიგვზიან ბადრიჯანზე, გიჟდებიან ნამდვილად. მოსწონთ ხინკალი, ხაჭაპური, სეზონურად, ჩაქაფულმაც ნელ-ნელა პოპულარობა მოიპოვა და ძალიან გვიხარია. ზოგადად, ფხალეული საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი და გემოა”- განაცხადა კვიჭიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები