ნინო ლაცაბიძე – პრემიერის დახმარებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანადგომით, რუსთავის გუნდი, ქალაქისთვის საჭირო საერთაშორისო კონტაქტებს ვამყარებთ ისეთ ევროპულ ქვეყანასთან, როგორიც უნგრეთია

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და რუსთავის დელეგატი საქართველოს პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილი, მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ესტუმრნენ უნგრეთის ქალაქ კეჩკემეტს. ამის შესახებ ინფორმაციას, რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის მიზანი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრების გამართვა, ორ ქალაქს შორის ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო კონტაქტების დამყარება და სამომავლოდ, დამეგობრების მემორანდუმის გაფორმება იყო.

ნინო ლაცაბიძის თქმით, კიდევ ერთ ევროპულ ქალაქთან დამეგობრება, ახალი შესაძლებლობა და პოტენციალი იქნება რუსთავისთვის.

,,პრემიერის დახმარებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანადგომით, რუსთავის გუნდი, ჩვენს ქალაქში მიმდინარე პროექტების პარალელურად, რუსთავისთვის საჭირო საერთაშორისო კონტაქტებს ვამყარებთ ისეთ ევროპულ ქვეყანასთან, როგორიც უნგრეთია.

განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ელჩს უნგრეთში, ქალბატონ თამარ ლილუაშვილს, რომელიც დაგვეხმარა, გაგვემართა მნიშვნელოვანი შეხვედრები ქალაქ კეჩკემეტის მერთან და ასამბლეის წევრებთან.
გვქონდა შეხვედრა ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებთანაც, სადაც დავსახეთ ერთობლივი გეგმები, ჩვენი ახალგაზრდების განათლების მიმართულებით. საინტერესო კონტაქტები დავამყარეთ ქალაქ კეჩკემეტის ბიზნეს სექტორთანაც.

ვფიქრობ, კიდევ ერთ ევროპულ ქალაქთან დამეგობრება, ახალი შესაძლებლობა და პოტენციალი იქნება ჩვენი რუსთავისთვის”.- განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში, ნინო ლაცაბიძე და ირაკლი შატაკიშვილი, ქალაქ კეჩკემეტის მერს, დოქტორ კლაუდია სემერეი პატაკის, კეჩკემეტის წარმომადგენლობითი ორგანოს წარმომადგენლებს და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უნგრეთში, თამარ ლილუაშვილს შეხვდნენ. შეხვედრები გაიმართა ჯონ ფონ ნოიმანის სახელობის უნივერსიტეტშიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები