დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე ერთი დღით ადრე, უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა,- ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
შეტევის სამიზნე რუსეთის სამხედრო ბაზებზე განლაგებული ბომბდამშენები იყო. წინასწარი მონაცემებით, შეტევის შედეგად რუსეთის ავიაციას 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ზარალი მიადგა.
„დრონების გაშვების შედეგად აეროდრომების უშუალო სიახლოვეს მდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საავიაციო ტექნიკას ცეცხლი გაუჩნდა“, – აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყება.
„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს აბსოლუტურად უნიკალური ოპერაცია იყო. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ჩვენი ოპერაციის „ოფისი“ რუსეთის ტერიტორიაზე, პირდაპირ „ეფ-ეს-ბე“-ს დირექტორატის გვერდით, მათ ერთ-ერთ ოლქში მდებარეობდა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
პარალელურად, რუსეთმა უკრაინას წუხელ რეკორდული რაოდენობის – 479 – დრონებით და რაკეტებით შეუტია. მათი საჰაერო დარტყმების ძირითადი მიმართულებები ხარკოვის, სუმის, ჟიტომირის, ოდესის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს ოლქები იყო.