ალექსანდრე რაქვიაშვილი: თვეები ტყუილში ამყოფეს საკუთარი ამომრჩეველი – ამ ეტაპზე არ გვაქვს მოლოდინი, რომ ასეთი სიტუაცია ოპოზიციაში ხელს უწყობს „ქართული ოცნების“ დამარცხებას
თვეები ტყუილში ამყოფეს საკუთარი ამომრჩეველი, თვეები ყვებოდნენ, რომ პროტესტია, ცოტაც და ახლა დავამხობთ „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს პროტესტი სულ უფრო და უფრო მცირერიცხოვანი ხდებოდა და „ლელო“ ის პარტიაა, რომელმაც დისკუსია კი არა, მოკლა დისკუსია მედიაში. ორი ოპოზიციური ტელევიზია იყო, ორივე იყიდა და გაანადგურა იქ სიტყვის თავისუფლება. რა დისკუსიაზე ლაპარაკობს „ლელო“?, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.
შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა პოლიტიკური ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება, „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ ამ ადამიანებს დიდი ხანია, კარგად იცნობს და ეს შეუძლებელია.
„ჩვენ დიდი ხანია, ამ ხალხს ვიცნობთ, ბევრი რაღაც გაგვივლია მათ შორის, ერთად, „ლელოსთანაც“, „ნაცებთანაც“, გახარიებთანაც“, ასე შემდეგ და დიდი ხანია, ხელი ჩაქნეული გვაქვს ამ ხალხზე. რა თქმა უნდა, შეიძლება, ყველა გამოსწორდეს. ქრისტიანი ხალხი ვართ და ბოლოს და ბოლოს, ვაპატიებთ, რამე რომ მოინანიონ, მაგრამ რაღაც უნდა მოხდეს ამისთვის და ამ ეტაპზე არ გვაქვს მოლოდინი, რომ ასეთი სიტუაცია ოპოზიციაში ხელს უწყობს „ქართული ოცნების“ დამარცხებას; ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, ჩვენ გავძლიერდეთ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.