დავით ზურაბიშვილი: ბოიკოტის შემთხვევაში, არჩევნების შედეგები ცნობილი იქნება ლეგიტიმურად დასავლეთის მიერ – მშვიდად ჩაატარებს არჩევნებს ხელისუფლება, რამდენიმე წვრილი პარტია მაინც მიიღებს მონაწილეობას, თვითმმართველობის ორგანოები „ქართული ოცნებისგან“ დაკომპლექტდებიან
რა ხდება, თუ მთავარი ოპოზიციური ძალები გამოაცხადებენ ბოიკოტს? – ძალიან მარტივია, მოხდება ის, რომ ჩვეულებრივად ჩაატარებს არჩევნებს ხელისუფლება, რამდენიმე წვრილი პარტია მაინც მიიღებს მონაწილეობას, არანაირი დარღვევა არსად არაფრის იქნება, – ამის შესახებ დავით ზურაბიშვილმა, ოპოზიციის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაძლო ბოიკოტზე საუბრისას „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ მთავარი გზავნილი, თუნდაც დასავლეთთან საუბრის დროსაც იქნება ის, რომ ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა იმიტომ არ მიიღო, რომ იცოდნენ, რომ წააგებდნენ. ზურაბიშვილის თქმით, მთავარი ისაა, რომ ამას იმეორებენ ბოიკოტის მომხრეებიც, რომელთა ვარაუდი, რომ დასავლეთი, ოპოზიციის ბოიკოტის შემთხვევაში არ ცნობს არჩევნებს, არასწორია.
„მშვიდად, წყნარ ვითარებაში ჩაატარებს [არჩევნებს ხელისუფლება], თვითმმართველობის მთელი ორგანოები „ქართული ოცნებისგან“ დაკომპლექტდებიან და შეიძლება სადღაც ერთი-ორი ოპოზიციური განწყობის მაჟორიტარიც შეიყვანონ და თქვან, რომ რა ვქნათ, ვეუბნებოდით ამ ოპოზიციას და არ მიიღეს მონაწილეობა, იმიტომ, რომ იციან, რომ წააგებენ. ხომ ვიცით, რომ “ქართული ოცნების” მთავარი მესიჯი, იგივე დასავლეთთან ლაპარაკის დროს, ეს იქნება, რომ იმიტომ არ მონაწილეობენ ესენი [ოპოზიცია] არჩევნებში, რომ იციან, წააგებენ. რაც მთავარია, ამას ამბობენ თვითონ ბოიკოტის მომხრეებიც, ამას იძახიან ზუსტად, რომ ყველა ვარიანტში წავაგებთ, როგორც არ უნდა იყოს, ისეთი საარჩევნო სისტემაა მოგონილი, რომ ვერ მოიგებ, მაინც დაიწერენ რასაც უნდაო – ჯადოქრად გამოჰყავთ ეს ხელისუფლება, რომელსაც, რასაც უნდა, იმას გააკეთებს. რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ბოიკოტი შედგა? ბოიკოტის შემთხვევაში, აბსოლუტურად გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, ყველა პოლიტიკურ პარტიას შეუძლია მივიდეს გერმანიის საელჩოში, ამერიკის საელჩოში, საფრანგეთის საელჩოში და კითხონ ელემენტარულად იქ რომელიმე დიპლომატს, თუ არჩევნებში არ მიიღებენ მონაწილეობას, არჩევნები არ გაყალბდა და ისე მოიგო ოცნებამ, იქნება თუ არა ეს ლეგიტიმური – ეს მარტივი კითხვა დაუსვან. იმის გამო, რომ აქ არ მონაწილეობდნენ რაღაც პარტიები არჩევნებში, ეს არჩევნები ცნობილი არ იქნება არალეგიტიმურად, შემიძლია ეს გარანტირებულად ვთქვა. ბოიკოტის შემთხვევაში, არჩევნების შედეგები ცნობილი იქნება ლეგიტიმურად დასავლეთის მიერ“, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.