შალვა პაპუაშვილი – თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო სამ ძირითად სვეტზე დგას, ესაა თავისუფლება, თანასწორობა და მართლწესრიგი – პოლიციელთა საქმიანობა სამივე მათგანის დაცვას ემსახურება
„გილოცავთ პოლიციელთა პროფესიულ დღეს.
დღევანდელი დღე იმ უდიდეს პასუხისმგებლობას გვახსენებს, რომელიც პოლიციელებს ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების წინაშე აკისრიათ,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პოლიციელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პოლიციელების როლი და ფუნქცია გადამწყვეტია უსაფრთხო გარემოსა და სამართლიანობის უზრუნველყოფაში.
,,თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო სამ ძირითად სვეტზე დგას, ესაა თავისუფლება, თანასწორობა და მართლწესრიგი. პოლიციელთა საქმიანობა სამივე მათგანის დაცვას ემსახურება. უკანასკნელ პერიოდში თქვენ მოგიწიათ განსაკუთრებული ძალისხმევის გაწევა, მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლენა, რათა დაგეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხო გარემო.
შიდა თუ გარე რადიკალური ჯგუფები ცდილობდნენ, რომ ძალადობრივი დემონსტრაციები წესად და ნორმად ექციათ, თუმცა ამის საშუალება მათ არ მიეცათ. თქვენ კვლავ დაამტკიცეთ, რომ ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი, შეურაცხყოფისა და ფიზიკური თავდასხმების ფონზე, მაქსიმალური მოთმინებით, დაკისრებული მოვალეობები საუკეთესოდ შეასრულეთ და პროცესებიც სათანადოდ მართეთ.
ძალადობა, ვანდალიზმი, თავდასხმა სამართალდამცველებსა და საჯარო ინსტიტუტებზე სცდება მშვიდობიანი პროტესტის ნებისმიერი განმარტების ზღვარს. ის, ვინც საპირისპიროს ამტკიცებს, დემოკრატიის მტერია,” – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი განმარტებით, ძალადობის დროს, სახელმწიფოს არამხოლოდ მოქმედების უფლება აქვს, არამედ – ვალდებულება.
,,თქვენ სახელმწიფოს ეს ვალდებულება პირნათლად შეასრულეთ, წარმატებით გაუმკლავდით საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმას და ღირსეულად დაიცავით საქართველოს სუვერენიტეტი.
თქვენ ყოველდღიურ რეჟიმში რისკავთ თქვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რათა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ვიცხოვროთ. თქვენი საქმიანობა დაუღალავ შრომას, მოთმინებას, სიმამაცესა და თავდადებას გულისხმობს. ეს ის ძალისხმევაა, რომელიც ხშირად უხილავია, თუმცა, უაღრესად მნიშვნელოვანი და ღირებული. მინდა გავიხსენო და პატივი მივაგო იმ პოლიციელების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მშვიდი გარემოს შექმნას. მათი სიმამაცე სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის სახელით ყველა პოლიციელს მადლობა გადაუხადა ქვეყნის სიყვარულისთვის, თავდადებისთვისა და პროფესიონალიზმისთვის.
„გიდასტურებთ პატივისცემასა და მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი სამართალდამცავი სისტემა, ხოლო ჩვენი სამართალდამცავები ყოველთვის იყვნენ სათანადოდ აღჭურვილები, მომზადებულები და დაფასებულები დემოკრატიული მმართველობისა და ადამიანის უფლებათა პრინციპების შესაბამისად.
ამ დღეს მსურს განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა პოლიციელების ოჯახებს, რომლებისგანაც ისინი ყოველდღიურად დიდ მხარდაჭერას გრძნობენ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს გაწეული მრავალწლიანი საქმიანობისთვის და წარმატება ვუსურვო ახლად დანიშნულ მინისტრს, ბატონ გელა გელაძეს რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში.
პატივცემულო პოლიციელებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს, ყოველთვის ამაყად და ღირსეულად გემსახუროთ და ყოველდღე ჯანმრთელად და მშვიდობით დაბრუნებულიყავით სახლებში”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.