მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს, ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა.
აღნიშნული მაშინ მოხდა, როცა მელია მოსამართლეს მიმართავდა შემდეგი სიტყვებით, რომ „ის არის დავალების შემსრულებელი“.
“თქვენ ხართ თანამონაწილე. დაცვის ერთი რგოლი ხართ. უმნიშვნელო, ნაკლებად მნიშვნელოვანი თუ პირიქით, ეს არავინ ვიცით, თუმცა ფაქტია, რომ დანაშაულებრივი [ბანდის] ერთ-ერთი რგოლი ხართ, რომელსაც კითხვაც კი არ უჩნდება, აქ როგორ აღმოვჩნდი, ვინ გამიტაცა, რატომ გამიტაცა და რატომ დააზიანა მანქანაში ჩამონტაჟებული ვიდეო ჩამწერი მოწყობილობები.
მეტიც, ხართ დროებით დანიშნული მოსამართლის თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით. ეს ყველამ ვიცით. მომდევნო სამი წელიწადი დაგაკვირდებათ ჩინჩალაძე-მურუსიძე, მორჩილი იქნებით და ისე მიიღებთ გადაწყვეტილებებს“, – მიმართა მელიამ მოსამართლეს.
მას შემდეგ, რაც მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა, მელია სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს. პარალელურად, პროცესზე დამსწრეებსა და მანდატურებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა.