ადვოკატის ინფორმაციით, ნიკა მელია დაკავებულია

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს, – ამის შესახებ ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა „ტვ პირველს“ განუცხადა.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მელია სავარაუდოდ, ადმინისტრაციული მუხლით არის დაკავებული.

„ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიდიოდა, გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად, გააჩერა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე რამდენიმე პოლიციელმა, მათ შორის კრიმპოლის თანამშრომლოებმა, ძალისმიერი მეთოდებით დააკავეს და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. გაუგებარია რასთანაა ეს კავშირში, რადგან არცერთ საქმეში მას აღკვეთი ღონისძიება არ აქვს შეცვლილი და მიზეზი უცნობია“, – განაცხადა კონდახაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს იყო ჩანიშნული, თუმცა სხდომაზე არც მელია და არც ბრალდების მხარე არ გამოცხადდა. მომდევნო სასამართლო პროცესი 30 მაისს 14:00 საათზეა ჩანიშნული.

ნიკა მელიას საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო ბრალი წარედგინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რომლის გადახდას არ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები