ინფრასტრუქტურის სამინისტრო: მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 26-ე კმ-ზე არსებული არაგვის ხიდის გვერდით ახალი ხიდის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მშენებლობის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
“აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული ხიდი 1973 წელს არის აშენებული. ხიდის სავალი ნაწილი ხშირად ზიანდება, რის გამოც პერიოდულად უტარდება აღდგენითი სამუშაოები. ეს პროცესი დროებით ზღუდავს მოძრაობას ცენტრალურ მაგისტრალზე და დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას.
არსებული ხიდის გამოკვლევამ აჩვენა, რომ ხიდის რეაბილიტაცია ვერ უზრუნველყოფს მის სრულყოფილ აღდგენას და საჭიროა უფრო მასშტაბური სამუშაოები, რაც გამოიწვევს ხიდის ჩაკეტვას 1 წელზე მეტი პერიოდით.
რადგან ხიდს არ აქვს ალტერნატიული მარშრუტი და გადაადგილების ასეთი შეზღუდვა მნიშვნელოვან შეფერხებას შექმნის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, უმოკლეს ვადებში მომზადდა მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის პროექტი და უკვე დაიწყო მშენებლობა.
ახალი ხიდით სარგებლობას მოსახლეობა მომავალ წელს შეძლებს.
ხიდის მშენებლობის საორიენტაციო ღირებულება 20 მილიონი ლარია,”- ნათქვამია ინფორმაციაში.