მამუკა მდინარაძე: ჩვენ რომ იმ მოთხოვნებს დავთანხმებოდით, რაც სხვადასხვა მხრიდან ისმოდა კულისებში თუ ღიად, შეიძლება ბევრი რამე შეცვლილიყო – სულ ვამბობდით, რატომ მიგყავარ ისეთ ომში, სადაც მე მოვკვდები და შენ რაღაც სარგებელი შეიძლება მიიღო, შეიძლება – არა?!
ჩვენთან რომ ომი დაწყებულიყო, აქ, რეგიონში, შეიძლება ბევრი რამ შეცვლილიყო. ჩვენ რომ იმ მოთხოვნებს დავთანხმებოდით, რა მოთხოვნებიც სხვადასხვა მხრიდან ისმოდა კულისებში თუ ღიად – ღია გახსოვთ, კულისების მინიშნებებიც გახსოვთ, შეიძლება ბევრი რამე შეცვლილიყო, იქ რუსეთთან მიმართებაში: შეიძლება უფრო დასუსტებულიყო, უფრო გასჭირვებოდა რაღაცები, მაგრამ, ჩვენ რა დაგვემართებოდა? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.
მდინარაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ეუბნებოდა ქვეყნის ომში ჩართვის მოსურნე ძალებს, თუ რატომ მიჰყავდათ საქართველო ისეთ ომში, სადაც აუცილებლად განადგურდებოდა.
„სულ ვამბობდით, რატომ მიგყავარ ისეთ ომში, სადაც მე მოვკვდები და შენ რაღაც სარგებელი შეიძლება მიიღო, შეიძლება – არა. ასეთ ომში მივყავდით: მიგყავარ, მომიწოდებ, მაშანტაჟებ, რომ ისეთ ომში წამოგყვე, სადაც არ იცი ზუსტად, რაღაცაში ალბათ, წაგეხმარება ჩემი მონაწილეობა, მაგრამ მე 100%-ით მკვდარი ვარ. ასეთ ომში მივყავდით. ამის ფონზე, დააშანტაჟეს, სცადეს ერთი ადამიანის, მეორის, სახელმწიფოს, თანამდებობის პირების დაშანტაჟება, რაც გრძელდება და მოცემულობა იგივეა“, – აღნიშნა მდინარაძემ.
როგორც მან განმარტა, მოცემულობა არ შეცვლილა და აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სანქციები და შესაბამისად, შანტაჟის ელემენტები მოხსნილიყო.
„იმავე მოცემულობის ფონზე, პერსონალურად მიდიხარ იმ ადამიანთან, რომელიც შანტაჟის ობიექტი უნდა ყოფილიყო, ვერ დაშანტაჟდა და მოქმედმა ადმინისტრაციამ არაფერი ახალი არ გააკეთა იმისათვის, რომ ეს სანქციები მოხსნილიყო. კომპლექსს რომ ახსენებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი [განცხადებაში], ეს კომპლექსი ბუნებრივია, ადამიანური კომპლექსია და პრობლემაა – რა მოცემულობაში ვსხდებით ჩვენ ამ ქვეყნის წარმომადგენელთან ერთ მაგიდასთან, უნდა ვილაპარაკოთ რაღაცაზე. ვიღაც მაშანტაჟებდა, კი ბატონო, შენი წინამორბედი, შენი ადმინისტრაცია არა, მაგრამ, რა ქნა ამ ადმინისტრაციამ, მოხსნა სანქცია, თქვა რომ უსამართლო იყო? ან რაღაც ახალი მესიჯები რომ არის მინიშნების სახით მაინც, ვიღაცებისგან, ეს „დიფ სტეიტის“ გავლენა არის თუ არა?“ – განაცხადა მდინარაძემ.