სამტრედიაში დაიბადა და გაიზარდა. პირველი ქანდაკებაც სკოლაში სწავლის დროს გააკეთა. ხატვასა და ხელოვნებაზე შეყვარებულმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მართალია, მატერიალურად არ ულხინდა, ხშირად არც ქანდაკებაზე მუშაობის შესაძლებლობა ჰქონია, მაგრამ ხელოვნების სიყვარულმა ბოლოს მაინც თავისი გაიტანა – უკვე ინტენსიურად მუშაობს ქანდაკებებზე.
თბილისის ერთ პატარა ამწვანებულ ეზოში შორიდანვე შენიშნავთ თეთრ ფიგურებს. სახელოსნოს არქონის გამო უკვე რამდენი წელია, ღია ცის ქვეშ, სიცივეში მუშაობს…
ამბობს, რომ სახელოსნო რომ ჰქონოდა, ბედნიერი იქნებოდი და ბევრ საინტერესო ნამუშევარს შექმნიდა. – მოქანდაკე ანზორ პაპავას პერსონა.
– ბავშვობა სამტრედიაში გაატარეთ. მოსწავლე იყავით, პირველი ქანდაკება რომ შექმენით…
– დავიბადე სამტრედიაში 1946 წლის 1 აგვისტოს. ვსწავლობდი საშუალო სკოლაში. მიყვარდა ხატვა. ერთ დღეს ეზოში თეთრი ქვისგან გამოვთალე პორტრეტი და გამიხარდა. მეგობარი მხატვარი მყავდა, ძალიან კარგად ხატავდა. მიყვარდა მასთან მისვლა.
გადავწყვიტე, სკოლას რომ დავამთავრებდი, წავიდოდი თბილისში და სამხატვროზე ჩავაბარებდი. მოქანდაკე უნდა გამოვიდე-მეთქი, – ვამბობდი, მართლაც, ჩავაბარე ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში, შემდეგ – სამხატვრო აკადემიის ქანდაკების განყოფილებაზე.
– თბილისის სამხატვრო აკადემიაში გატარებული წლები….
– აკადემიაში სწავლის პერიოდი დასამახსოვრებელი იყო. ცნობილი მოქანდაკე გოგი ოჩიაური და სხვები მასწავლიდნენ. რადგანაც რაიონიდან ვიყავი, ქირით ვცხოვრობდი. ოჯახს საშუალება არ ჰქონდა, რომ დამხმარებოდა. მუშაობა გადავწყვიტე, რომ ქირის ფული გადამეხადა. სწავლა და მუშაობა ერთად მიჭირდა. ხშირად ღამენათევი და უძინარი ვხატავდი…მაგრამ სხვა გზა არ იყო. ასე დავამთავრე 1979 წელს სამხატვრო აკადემია.
სტუდენტობა საინტერესო პერიოდი იყო იმ მხრივ, რომ მრავალი მეგობარი შევიძინე.

– 60 წელზე მეტია ქანდაკებებს ქმნით. შთაგონება როგორ მოდის?
– 60 წელი რომ მემუშავა ქანდაკებაზე, კარგი იქნებოდა, მაგრამ შემოქმედებითი მუშაობა გაჭირვების გამო შევაჩერე. მუშაობა დავიწყე ლილოს დასახლებაში, ქარხანაში. იქ რეკლამებს ვწერდი. 7 წელი ვიმუშავე.
გარბოდა წლები, ოჯახს რჩენა უნდოდა, ამიტომ შემოქმედებითად ვერ ვიცლიდი. სამ ადგილას ვმუშაობდი.
შემდეგ მეგობარმა მითხრა, ზურაბ წერეთელი მოქანდაკეებს ეძებს, სამუშაო არისო.
გამიმართლა, მუშაობა დავიწყე ორხევში, ისტორიულ ქანდაკებებზე. დიდი კომპლექსი იყო თაბაშირში გამოსაძერწი. თემქაზე ქანდაკებათა კომპლექსში „საქართველოს მატიანე“ ჩემი დიდი წვლილიცაა. ყველა ქანდაკება 15-მეტრიანი იყო. ბევრი ქანდაკება გავადიდე. ტაძრის კომპლექსის კედლებზე საქართველოს სალოცავების ბარელიეფები რაც არის, ჩემი გამოძერწილია. ჩემი შექმნილი კიდევ სხვა ბევრი ნამუშევარიც არის.
– ერთი ქანდაკების საინტერესო ისტორია.
– სამხატვრო აკადემიაში დიპლომი დავიცავი ქალის ფიგურაზე – „სამტრედია“. შემდეგ სულ ვფიქრობდი, ისეთი ქანდაკება გამეკეთებინა, სამტრედიის სიმბოლო ყოფილიყო. სამი მტრედის ქანდაკებაზე ვიმუშავე. გავითვალისწინე, რომ დადგმულიყო სამტრედიაში. საინტერესო გამოვიდა. სამტრედიის გვერდზე რომ დავდე, 500-ზე მეტი მოწონება მოიპოვა. გავაკეთე, აგრეთვე, ორი ცხენის სიყვარულის ქანდაკება.
ჩემი ქანდაკება – „თორნიკე ერისთავი“ ადიგენის სოფელ ჩორჩში დგას.

– გქონიათ პაუზებიც… ამბობთ, რომ ყველაზე ნაყოფიერად ახლა მუშაობთ…
– მინდა მშვიდად და ნაყოფიერად ვიმუშაო, მაგრამ ოჯახური პრობლემების გამო ვერ ვახერხებ. ისე ვერ ვახერხებ, როგორც საჭიროა და დარდი მკლავს, რომ ცოტაა, რაც გავაკეთე. ძალიან დიდი დრო დავკარგე.
ვიყენებ თაბაშირის მასალას, წვეთწვეთობით ვაშენებ ჩემს კომპოზიციას და ლამაზი გამომდის.
ბევრი მოქანდაკე ქანდაკებას თაბაშირში პირდაპირ ტელეფონიდან ვერ გააკეთებს. ჯერ თიხაში გამოძერწავენ, შემდეგ ფორმას უდებენ, ასხამენ თაბაშირს და გამოდის ქანდაკება. მიხარია, რომ ვგრძნობ ფორმას, და რომ კლასიკური ქანდაკება გამოდის.

– ღია ცისქვეშ სიმწვანეში დგას თქვენი ქანდაკებები…
– ნამდვილად სიმწვანეში დგას ჩემი ქანდაკებები. მაგრამ ვწვალობ. წვიმამ გამიფუჭა და უნდა აღვადგინო. მასალა ძვირია. ეს სიმწვანე ჩემი ხელით გავაშენე. იქვე არის ჯვრის კომპლექსი, რომელიც მწვანე ქვებისგან ავაშენე. დიდი მოცულობისაა. კიდევ მაქვს სამუშაო. სახელოსნო არ მაქვს, სადაც ვცხოვრობ, იქვე სიცივეში შეიქმნა ნამუშევრები. გარეთ მიწევს მუშაობა. სახელოსნო რომ მქონოდა, ბედნიერი ვიქნებოდი.
– რა სიძნელეები გაქვთ, როგორც ხელოვანს?
– სიძნელეებით ვცოცხლობ – როგორც პირადად, ისე ოჯახის მხრივ…. მარტო ვცხოვრობ დიდი ხანია. მარტოობა ძნელი ყოფილა ხელოვნებისთვის. სიყვარული აცოცხლებს ყოველ ადამიანს… სულ სხვაა, როცა ერთგული ადამიანია მის გვერდით.
– ათასი ხე დაგირგავთ…
– ნამდვილად, ათასი ხე მექნება დარგული. ახლაც ვეწევი ამ სიკეთეს. ბუნება ძალიან მიყვარს. ჩემს მშენებარე ჯვარზე დასარგავი მაქვს მცენარეები, რომ ლამაზი იყოს. ყველა ადამიანმა, შეძლებისდაგვარად, უნდა დარგოს მცენარეები. მაგრამ, ბინების მშენებლობის გამო, მრავალწლიან ხეებს ჭრიან ბოროტები…
– ჰობი…
– ჩემი ჰობია ქანდაკება, კიდევ რომ მოვასწრო ახალი ნამუშევრების შექმნა და გავიხარო.
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– მინდა ჩემი „ორი ცხენის“ სიყვარულის დადგმა სამტრედიის იპოდრომზე. საქმის კურსში არიან და ჩასვლას ვაპირებ, რომ მოვილაპარაკოთ დირექციასთან. მანამდე ესკიზებს, ჩანახატებს ვამზადებ, როგორი უნდა იყოს დადგმული ქანდაკება – ლამაზი და გამართლებული. ვნახოთ, როგორ მოეწონებათ ჩემი შეთავაზება. მალე დავიწყებ ეროსი მანჯგალაძის პორტრეტს, უკვე სამომავლოდ.
– სამომავლო გეგმები.
– სამომავლოდ მინდა სამტრედიის სიმბოლური ქანდაკება „სამი მტრედი“ დაიდგას თვალსაჩინო ადგილას. მოსახლეობის დიდი სურვილიცაა. ვნახოთ, როგორც სამტრედიელს, თუ გამიმართლებს, რომ ამ ქვეყნიდან დამშვიდებული წავიდე.

თამარ შაიშმელაშვილი