დროის განსაზღვრის მეთოდები უძველესი ცივილიზაციებიდან დღემდე — საათის ისტორია

დღეს საათის გარეშე ჩვენი ყოველდღიურობა წარმოუდგენელია – ის მართავს ჩვენს საქმიანობას, შეხვედრებს, დასვენებას და სამუშაო პროცესს, თუმცა დროის გაზომვის მცდელობა გაცილებით ძველია, ვიდრე შეიძლება, გვეგონოს. ეს არის გზა, რომელიც დაიწყო ბუნებრივ მოვლენებზე დაკვირვებით და დასრულდა ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ე.წ. ჭკვიანი საათებით.

ადამიანები ჯერ კიდევ პრეისტორიულ ეპოქაში ცდილობდნენ დროის გამოცნობას – ისინი დღის განმავლობაში მზის მოძრაობას აკვირდებოდნენ. პირველი მზის საათები ძველ ეგვიპტეში, დაახლოებით, ძვ.წ. 1500 წელს გაჩნდა. მიწაში ჩარჭობილი უბრალო ჯოხი ჩრდილს იკეთებდა, რომლის მდებარეობითაც დღის მონაკვეთებს განსაზღვრავდნენ.

ამას მალევე მოჰყვა წყლის საათები – ჭურჭლები, რომლებშიც თანდათან ცლიდნენ წყალს და ამგვარად აჩვენებდნენ დროის გასვლას. ეს მეთოდი ღამით ან მოღრუბლულ ამინდში განსაკუთრებით გამოსადეგი იყო.

ძველ ბერძნებს და რომაელებს უკვე ჰქონდათ დროის საჩვენებელი კომპლექსური სისტემები, თუმცა ჯერ კიდევ ბუნებაზე იყვნენ დამოკიდებულნი. ჩინეთში უკვე ძვ. წ. III საუკუნეში არსებობდა წყალზე მომუშავე რთული მექანიზმები, რომლებიც დროს როტორული სისტემით ითვლიდნენ

XIII საუკუნიდან ევროპაში გაჩნდა პირველი მექანიკური საათები, რომლებიც ეკლესიების კოშკებში თავსდებოდა. სწორედ ამით დაიწყო დროის სტანდარტიზაცია – საზოგადოება თანდათან ერთიან რიტმზე გადადიოდა.

XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში გაჩნდა ზამბარებზე დაფუძნებული მექანიზმები, რაც პატარა, პორტატული საათების შექმნის საშუალებას იძლეოდა. ასე დაიბადა ჯიბის საათი – სიმბოლო სტატუსისა და სიზუსტისა.

XIX საუკუნემ დროის მიმართ დამოკიდებულება სრულიად შეცვალა. მატარებლების და ქარხნების დროში გაწერილ გრაფიკს ზუსტი დრო სჭირდებოდა. გაჩნდა საათების მასობრივი წარმოება, მინის საფარითა და წამმზომით. ამავე პერიოდში დაიწყო სამაჯურიანი საათების ევოლუციაც. I მსოფლიო ომის დროს ეს ნივთი ფართოდ გავრცელდა .

XX საუკუნის ბოლოს ციფრულმა საათებმა კლასიკური ციფერბლატები შეცვალეს, XXI საუკუნემ კი, ე.წ. ჭკვიანი საათები შემოიტანა – მრავალფუნქციური მოწყობილობები, რომლებიც მხოლოდ დროის მაჩვენებელი კი არა, არამედ პირადი ასისტენტი, ჯანმრთელობის მაკონტროლებელი და კომუნიკაციის ინსტრუმენტიც გახდა.

საათის ევოლუცია არ არის მხოლოდ მექანიკური პროგრესი – ეს ადამიანის სურვილია, გააკონტროლოს საკუთარი ყოველდღიურობა, მომავლის უკეთ დაგეგმვის იმედით. მზე, წყალი, კოშკის ზარები, ბორბლები და შემდეგ მიკროჩიპები – დროის გაზომვის კულტურა ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ხილული ქრონოლოგიური ღერძია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები