იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საქართველოს პარლამენტს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების თაობაზე ანგარიში წარუდგინა
საქართველოს პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სტრასბურგის სასამართლოსა და გაეროს კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი საქმეების აღსრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშები განიხილა.
ანგარიშები იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა წარადგინა.
აღინიშნა, რომ ევროპული სასამართლოს სტატისტიკის თანახმად, მკვეთრად შემცირდა საქართველოს წინააღმდეგ არსებული საქმეების საერთო რაოდენობა. 2025 წლის მდგომარეობით, 2011 წელთან შედარებით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე საქმეების რაოდენობა 94%-ით შემცირდა. ამასთან, 2012 წლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს პენიტენციური სისტემიდან გაგზავნილი არცერთი საქმე უცნია დასაშვებად.
ევროპულ სასამართლოში საჩივრების მკვეთრი კლება საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში ადამიანის უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული მასშტაბური რეფორმების შედეგია, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი უფლებების ეფექტიანი დაცვა ქვეყნის შიგნითაც შეუძლიათ. ყურადღება გამახვილდა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი 118 აღსრულებული საქმიდან, 85% 2013 წლის შემდეგ აღსრულდა.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს გამარჯვებით დასრულდა 2008 წლის ომთან და განგრძობად ოკუპაციასთან დაკავშირებული ყველა საქმე, რის შემდეგაც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გადაწყვეტილებების აღსრულება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში მიმდინარეობს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი საქმეების აღსრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშები იუსტიციის სამინისტროს მიერ ყოველწლიურად წარედგინება პარლამენტს.