კრემლში რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს
მოსკოვში რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს, ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს,- ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
პუტინმა სი ძინპინს მადლობა გადაუხადა გადაწყვეტილებისთვის, რომელიც 9 მაისის გამარჯვების დღესასწაულის რუსეთთან ერთად აღნიშვნას გულისხმობს.
რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, ოფიციალური ვიზიტით კვლავ ეწვიოს ჩინეთს. მისივე თქმით, რუსეთისა და ჩინეთის მთავრობები ორმხრივი შეთანხმებების მთელი სპექტრის განხორციელებაზე მუშაობენ.
“რუსეთი და ჩინეთი ურთიერთობებს ავითარებენ თავიანთი ხალხების საკეთილდღეოდ და არა სხვა ქვეყნების საწინააღმდეგოდ. მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობები ორმხრივად სასარგებლოა. სი ძინპინის ვიზიტი მოსკოვში რუსეთისთვის უდიდესი მნიშვნელობისაა”,- განაცხადა პუტინმა.
თავის მხრივ, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ძალიან მოხარულია გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობით.
“პეკინი და მოსკოვი მზად არიან დაიცვან მეორე მსოფლიო ომის ისტორიის შესახებ სიმართლე. 80 წლის წინ, რუსმა და ჩინელმა ხალხებმა, მძიმე დანაკარგების ფასად, მოიპოვეს დიდი გამარჯვება, რითაც უდიდესი ისტორიული წვლილი შეიტანეს მსოფლიო მშვიდობისა და კაცობრიობის პროგრესის საქმეში”,- განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.
როგორც პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, მოლაპარაკებები სხვადასხვა ფორმატში გაიმართება.