სერგო ზაქარიაძის ხსოვნის დღე და მაკო გნოლიძის ხელნაკეთი თოჯინა
13 აპრილს, ქართველი მსახიობის, სერგო ზაქარიაძის გარდაცვალებიდან 54 წელი გავიდა. მეთოჯინე მაკო გნოლიძე ამ თარიღს ფეისბუქის გვერდზე – „მაკოს თოჯინები“ ეხმიანება და თავის ხელნაკეთ თოჯინას აქვეყნებს,
„მიყვარს და სულ მეტირება ამ მომენტზე, როდესაც სერგო ზაქარიაძე ვაზებს ეფერება, – წერს მაკო გნოლიძე, – იგი დიდი მსახიობის სიტყვებსაც ახსენებს მკითხველს:
„რა შთამაგონებს? შემოქმედებითი ძიების პროცესი. როგორც კი მივაგნებ იმას, რასაც ვეძებ, ვმშვიდდები და კმაყოფილებას განვიცდი.
ძალების დაზოგვა არ ვიცი და ამას ჩემს მინუსად ვთვლი. ეს ხდება სცენაზე და ცხოვრებაშიც. ამასთან ერთად, უკმარისობის გრძნობაც მუდამ თან მსდევს. ყოველთვის მგონია, რომ ვერ ამოვწურე სათქმელი. ჩემში ემოციები უსწრებენ გონებას. დიახ, მოუსვენარი კაცი ვარ…
მაღალ აქტიორულ ხელოვნებას გონება, ტალანტი, თავდაუზოგავი შრომა, ნებისყოფა და მიზნისკენ შეუნელებელი სწრაფვა სჭირდება. აპლოდისმენტები მსახიობის მიერ დახარჯული შემოქმედებითი ენერგიის ერთგვარი კომპენსაციაა, მაგრამ მხოლოდ ამისთვის თამაში არ ღირს.
… როგორც პედაგოგს, როდესაც სტუდენტებთან მაქვს საუბარი, ჩემს უპირველეს ამოცანად მიმაჩნია ის, რომ ახალგაზრდებს ჩავუნერგო შრომის სიყვარული. სწორედ ეს არის უმთავრესი თუ გინდა, რომ სასურველ შედეგს მიაღწიო. საერთოდ, შემოქმედს სამი რამ სჭირდება აუცილებლად: თავისი ერის სიყვარული, შრომა და ნებისყოფა. თუ ეს სამი თვისება ძვალ-რბილში გაუჯდა მსახიობს, ის მუდამ ბედნიერი იქნება თავისი შემოქმედებით. მე პირადად, თუ რამე შემიქმნია და ჩემს შექმნილს რაიმე ფასი აქვს, ყველაფერი ამ სამი თვისების წყალობითაა“… – (სერგო ზაქარიაძე, „მათ შექმნეს ეპოქა“).