საქართველოს კულტურის სამინისტრო პატივს მიაგებს გიორგი შატბერაშვილის ხსოვნას

115 წელი შესრულდა ქართველი მწერლის, გიორგი შატბერაშვილის, დაბადებიდან, ხოლო 60 წელი მისი გარდაცვალებიდან. საქართველოს კულტურის სამინისტრო პატივს მიაგებს გიორგი შატბერაშვილის ღვაწლსა და ხსოვნას.
„სიმბოლურია, რომ მწერლის დაბადებისა და გარდაცვალების დღე და თვე, 14 აპრილი, ქართული ენის დღესასწაულს ემთხვევა. სიმბოლურია, რადგან გიორგი შატბერაშვილს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის თანამედროვე ქართული პოეზიის, პროზის, დრამატურგიის და, ამასთანავე, სალიტერატურო ენის განვითარებაში, ახალი ლექსიკურ-ფრაზეოლოგიური ერთეულებით მის გამდიდრებაში. საყოველთაოდ აღიარებულია გრამატიკული ფორმების გამოყენების მისეული ხელოვნება. ლექსიკოგრაფიაში შეტანილ წვლილს კი, მკაფიოდ წარმოაჩენს გიორგი შატბერაშვილის მიერ შედგენილი „თვალადური ქართულის ჭაშნიკი“.
გიორგი შატბერაშვილის შემოქმედება მრავალ ჟანრს მოიცავს: წერდა ლექსებს, პოემებს, მოთხრობებს, პიესებს, წერილებს; თარგმნიდა უცხოური ლიტერატურის ნიმუშებს.
ლექსების პირველი კრებული ოცდაორი წლისამ გამოსცა. ამას მოჰყვა პიესა „დუშმანი“, რომლითაც სანდრო ახმეტელი დაინტერესდა და რუსთაველის თეატრში შალვა აღსაბაძეს დაადგმევინა. ამ პერიოდში დაწერა ლექსი „წერილი ახალგაზრდობას“. ამ ორივე ნაწარმოების გამო, 1934 წელს დააპატიმრეს და შუა აზიაში გადაასახლეს. 1936 წელს გაათავისუფლეს, მაგრამ თბილისში ცხოვრება და ლიტერატურული საქმიანობა აუკრძალეს. რვა წლის განმავლობაში ცხოვრობდა მშობლიურ კუთხეში, მასწავლებლობდა კასპში, ქვემო ჭალაში, კავთისხევში. 1944 წელს თბილისში დაბრუნების უფლება მისცეს და მრავალმხრივი სამწერლო საქმიანობა გააგრძელა. აღსანიშნავია, რომ მისი პიესები საქართველოს თითქმის ყველა თეატრში იდგმებოდა. 1960 წელს დაწერა მოთხრობა „მკვდრის მზე“, რომელსაც დიდი აღიარება მოჰყვა და ავტორს საბოლოოდ დაუმკვიდრა პროზის გამორჩეული ოსტატის სახელი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები