ლევან მოსეშვილი: ციურიხი საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის სრულიად ახალი მიმართულებაა, ისტორიულად აქამდე ჩვენი არცერთი აეროპორტიდან ფრენები არ განხორციელებულა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ, შვეიცარიულმა Edelweiss-მა ციურიხის მიმართულებით დაიწყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ლევან მოსეშვილის განცხადებით, ციურიხი არის მეორე შვეიცარიული ქალაქი ჟენევის შემდეგ, რომელიც მგზავრებს საქართველოში ფრენებს კვირაში 2 სიხშირით სთავაზობს.
,,მოხარულები ვართ, რომ წარმატებული მოლაპარაკებებისა და საერთო ძალისხმევის შედეგად, საქართველოს ავიაბაზარზე გლობალური საავიაციო ჯგუფის Luftansa-ს წარმომადგენელმა, კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანია Edelweiss-მა დაიწყო ოპერირება.
ციურიხი – სრულიად ახალი მიმართულებაა საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის. ისტორიულად ამ მიმართულებით ფრენები აქამდე ჩვენი არცერთი აეროპორტიდან განხორციელებულა.
ვფიქრობთ, ბრიტანულ დაბალბიუჯეტურ easyJet-თან ერთად შვეიცარიული Edelweiss-ი კვირაში ჯამურად ოთხი სიხშირით, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ჩვენს ბაზარზე მაღალმხარჯველუნარიანი შვეიცარიელი ტურისტების მოზიდვის მხრივ”, – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საინაუგურაციო ფრენისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ავიაკომპანია Edelweiss ძირითადად საკურორტო მიმართულებით ოპერირებაზეა ორიენტირებული.
ლევან მოსეშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ იყოს მაღალი ინტერესი შვეიცარიელი ტურისტების მხრიდან საქართველოში გრძელვადიანი დასვენების მიზნით ჩამოსვლისთვის.
Lufthansa-ს გლობალურ საავიაციო ჯგუფში შემავალმა Edelweiss-მა ციურიხიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა გამთენიისას განახორციელა და 151 მგზავრი ჩამოიყვანა.