თამარ ჩიბურდანიძე: ქართველი ხალხის მოთმინების ფიალა ივსება და ხელისუფლების გონივრული სიმშვიდეც კი ვეღარ შეაკავებს აზვირთებულ ტალღას
პარტია “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე საგამოძიებო კომისიაზე, ნაცმოძრაობის რეჟიმის მიერ დაზარალებულთა მონაყოლს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“ჰუმანიზმის და ნამდვილი დემოკრატიის პერიოდში “ნაციონალურ მოძრაობას” ეგონა, რომ შერჩათ ქვეყნის ღალატი და საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი ბოროტება” – ამის შესახებ წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ნაცმოძრაობა იმდენად დარწმუნებული იყო დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერაში, რომ სატელიტი პარტიები შექმნა, თუმცა დღეს ამ პარტიებსაც ელის გასამართლება.
თამარ ჩიბურდანიძის თქმით, მოსახლეობის უმრავლესობას გადაავიწყდა ის ტრაგიკული ისტორიები და დანაშაულები, რომლის შემოქმედიც ნაცმოძრაობა იყო, რადგან 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალა, ქუჩაში არ კლავდნენ,პატიმრებს არ აწამებდნენ და ქონებას არ ართმევდნენ ადამიანებს.
“დროებითი საგამოძიებო კომისიის ღია სხდომებმა ქართველ ხალხს ის კოშმარი გაახსენა, რაშიც ვცხოვრობდით მთელი 9 წელი. 2012 წლის შემდეგ
რადიკალურად შეიცვალა ქვეყანაში სიტუაცია, აღარც ქუჩაში კლავენ, აღარც პატიმრებს აწამებენ, აღარც ქონებას ართმევენ… ამიტომ თითქოსდა მიგვავიწყდა ის საშინელი დღეები. ბუნებრივია, იმ ოჯახებს არ ვგულისხმობ, ვინც ნაცების სისასტიკე საკუთარ თავზე იწვნია.
ჰუმანიზმის და ნამდვილი დემოკრატიის პერიოდში “ნაციონალურ მოძრაობას” ეგონა, რომ შერჩათ ქვეყნის ღალატი და საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი ბოროტება. იმდენად იყვნენ დარწმუნებულნი რომ უცხოელი “პატრონები” ამ განაჩენისგან დაიხსნიდნენ და ხელს ვერავინ ახლებდათ, რომ სატელიტი პარტიებიც კი გაიჩინეს, მაგრამ სწორედ აქ მოტყუვდნენ. დღეს მათი განაჩენი მათ სატელიტ პარტიებსაც შეეხებათ, სადაც თავი შეაფარეს მათგან გაქცეულმა სახეებმა.
2012 წელს ვიცოდით, რომ იმ რეჟიმს ვასრულებდით. დღეს კი ვხედავთ, რომ ის რეჟიმი ვერ დასრულდა, რადგან ზურგს უმაგრებენ დასავლეთის ჩრდილოვანი მმართველები, გლობალისტები და ლიბერასტები. მათ მოასწრეს და მილიონიანი გრანტებით ორი თაობა გაგვიზარდეს, ეს არის ყველაზე სავალალო. ამ თაობებს არ უნახავთ იმ რეჟიმის სისასტიკე, არ იციან რა არის სიტყვის თავისუფლების აკრძალვა, არ იციან რა არის შვილის თვალწინ მშობლების წამება თუ ჩაცხრილვა.
მძიმეა დღეს ქართველი ხალხისთვის იმ ყველაფრის მოსმენა, რასაც ყოველ დღე ვუსმენთ ტელევიზიით. 9 აპრილს ძლივს შეიკავეს თავი, რომ არ იფეთქეს იმ ყალბი “პატრიოტების” წინააღმდეგ. ოპოზიციასაც ეს უნდოდა – სამოქალაქო ომი, მაგრამ აქაც ხელისუფლებამ აჯობა ჭკუით. გუშინ თეა წულუკიანს მიუვარდნენ, ხვალ სხვას მიუვარდებიან… მათ არაფერი გამოსდით, მაგრამ ხალხის ნერვები ამდენს ვეღარ უძლებს.
ოპოზიციამ უნდა გაითვალისწინოს ის, რომ ქართველი ხალხი ანგარიშს აღარ უწევს დასავლეთის ყალბ დემოკრატებს, რამდენი რეზოლუციაც არ უნდა მიიღონ, ეს ჩვენთვის მხოლოდ ფარატინა ფურცლებია. ოპოზიციისთვის დღევანდელი სიტუაცია ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე გასულ წლებში, როდესაც ხალხი ჯერ კიდევ ანგარიშს უწევდა დასავლეთს.
ფრთხილად! ქართველი ხალხის მოთმინების ფიალა ივსება და ხელისუფლების გონივრული სიმშვიდეც კი ვეღარ შეაკავებს აზვირთებულ ტალღას,”- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.