პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ამირან (ბუტა) რობაქიძის და ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტები განიხილა

“2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე ორი საკითხი განიხილა,”- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე კომისიამ ბუტა რობაქიძის მამას, სოსო რობაქიძეს მოუსმინა. სოსო რობაქიძის განცხადებით, ბუტას მკვლელობის საქმე „ნაციონალების” მიერ ტოტალურად გაყალბებულია. როგორც მან აღნიშნა, პატრულ ინსპექტორ გრიგოლ ბაშალეიშვილს იარაღი კი არ გაუვარდა, არამედ მან ბუტას მიმართულებით გაისროლა და მოკლა. მისი თქმით, გასროლის შემდეგ ბუტა 35 წუთი ცოცხალი იყო, თუმცა მომხდარი ფაქტის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე სამ-ოთხ წუთში მისული სასწრაფო დახმარების ექიმი ბუტასთან დახმარების გასაწევად არ მიუშვეს.

სოსო რობაქიძემ ასევე აღნიშნა, რომ გრიგოლ ბაშალეიშვილი მხოლოდ ორი წლის შემდეგ დააკავეს, მანამდე კი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას აგრძელებდა, საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ კი, ვანო მერაბიშვილმა ის შსს-ში აღადგინა.

მისივე თქმით, ოფიციალური ვერსია იმის თაობაზე, რომ ბუტას და მის მეგობრებს იარაღი ჰქონდათ სიცრუეა და ზოგადად, ბუტას მკვლელობის შესახებ მედიაში გავრცელებული ვიდეოკადრები პროფესიულ დონეზე იყო გაყალბებული.

სოსო რობაქიძემ დეტალურად ისაუბრა იმ პირების შესახებ, რომლებიც აღნიშნული საქმის გაყალბებაში მონაწილეობდნენ.

ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტებზე დროებით საგამოძიებო კომისიას ახსნა-განმარტება ევგენი აფრასიძის ქვრივმა, დოდო აფრასიძემ და შვილიშვილებმა – გიორგი და ლედი აფრასიძეებმა მისცეს.

მათ დეტალურად ისაუბრეს 2004 წლის 24 მარტს მესტიის რაიონის ეცერის თემის სოფელ ბარში ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, რომელსაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობდა.

დოდო აფრასიძის განცხადებით, 24 მარტს, გამთენიისას იმ ორი სახლის მიმართულებით, სადაც მათი ოჯახები, მათ შორის ბავშვები იმყოფებოდნენ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ინტენსიური ცეცხლი გაიხსნა.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც ევგენი აფრასიძე ხელაწეული აივანზე გავიდა და სპეცრაზმელებს მოუწოდა ცეცხლი შეეწყვიტათ, ვინაიდან სახლებში ბავშვები იმყოფებოდნენ, იგი დაჭრეს.
დოდო აფრასიძის განცხადებით, სპეცრაზმელებმა გოჩა და ომეხ აფრასიძეებს ჯერ ხელბორკილები დაადეს, შემდეგ გოჩა აფრასიძეს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენეს, ომეხ აფრასიძე კი დახვრიტეს.

როგორც ევგენი აფრასიძის შვილიშვილმა ლედი აფრასიძემ აღნიშნა, გოჩა აფრასიძეს იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული, რომ ჯერ გარდაცვლილი ეგონათ, მას შემდეგ კი რაც გაირკვა, რომ ის ცოცხალი იყო, ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ოპერაცია გამაყუჩებელი მედიკამენტების გარეშე გაუკეთეს.

ლედი აფრასიძის განცხადებით, მათ ოჯახში ძებნილი მხოლოდ ვამეხ აფრასიძე იყო, რომლის დაკავებაც ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, ვინაიდან ის თავისუფლად გადაადგილდებოდა. მისი თქმით, სპეცოპერაციისას, ასევე, დაკავებული იყო მათ ოჯახში მყოფი ვლადიმერ მურავიოვიც, რომელმაც წამების შემდეგ „აღიარა”, რომ თითქოს აფრასიძეების ოჯახს ლევან კალაძისა და მარიამ გოგინაშვილის საქმეებთან შეხება ჰქონდათ.

ლედი აფრასიძემ ასევე აღნიშნა, რომ სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, მაშინ როდესაც სახლს ცეცხლი ეკიდა, სადაც დაჭრილი ევგენი აფრასიძე იყო, ხოლო ეზოში ომეხ აფრასიძის ცხედარი ესვენა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ აფრასიძეების მეზობლებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „სვანებმა კარგი კუბდარის გამოცხობა იცით და იქნებ გაგვიმასპინძლდეთ აქ მყოფ ადამიანებსო”.

როგორც გიორგი აფრასიძემ განაცხადა, სპეცოპერაციის დროს სროლა ხორციელდებოდა არა მარტო ავტომატური, არამედ მსხვილკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღიდანაც.
მისივე თქმით, სახლს, საიდანაც სპეცრაზმელებმა ხელბორკილდადებული გოჩა და ომეხ აფრასიძეები გამოიყვანეს, ვერტმფრენიდან ყუმბარა ესროლეს, რის გამოც სახლს ცეცხლი გაუჩნდა. მისი თქმით, სპეცრაზმელებმა მეზობლებს საშუალება არ მისცეს, რომ ცეცხლმოკიდებული სახლიდან ევგენი აფრასიძე გამოეყვანათ.

დოდო, გიორგი და ლედი აფრასიძეების განცხადებით, სპეცოპერაციის მონაწილეებმა ზუსტად იცოდნენ, რომ სახლებში ბავშვები იმყოფებოდნენ. მათივე თქმით, სპეცოპერაციის დროს სახლიდან რაც უფრო ხმამაღლა ისმოდა ოჯახის წევრების ხმა, მით უფრო ინტენსიური ხდებოდა სროლა.

დღევანდელ სხდომაზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა, სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით (კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა) გიორგი ვაშაძისა და ნიკანორ მელიას საქმეების პროკურატურაში გადაგზავნას მხარი დაუჭირეს.
გიორგი ვაშაძე და ნიკანორ მელია ახსნა-განმარტების მისაცემად კომისიის დღევანდელ სხდომაზე იყვნენ დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდნენ.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, კომისიის მორიგი სხდომა ორშაბათს, 14 აპრილს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები