იმერეთსა და სამეგრელოში ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოვლინდა
„ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადია. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე ჯარიმა 500-დან 2000 ლარამდეა. იმ შემთხვევაში კი, თუ ბზის მოპოვების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება,“- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, ბზის უკანონო მოპოვებაზე მკაცრ კონტროლს ახორციელებს.
„კონტროლის ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთსა და სამეგრელოში ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა ბზის 200 ერთეული ტოტი.
ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებში კი, მოქალაქეები ფესვებიანად მოპოვებული, ჯამში 89 ერთეული ბზის ნერგის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე,“- ნათქვამია ინფორმაციაში.