გიორგი აფრასიძე: არაკაც ბარამიძეს რატომ არ გაუჩნდა სურვილი, ცხედარი ექსპერტიზაზე გადაეყვანათ – ინტერვიუში თქვა, თურმე, ომეხი წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა, რატომ არ ჩაუტარეს ექსპერტიზა, რომელიც დაადასტურებდა, რომ არა აყვანის დროს, არამედ დაკავებული, ხელბორკილდადებული წამებით მოკლეს

სპეცოპერაციის დღეს, ბარამიძე იწონებდა თავს ჩვენს ეზოში კადრების გადაღებით. გიორგი ბარამიძე, ჩვენს ეზოში სპეცრაზმელებთან ერთად იდგა და ფოტოებს და ვიდეოებს იღებდნენ, ამაყობდნენ იმით, რაც ჩაიდინეს. იმ დროს იქ ვიყავი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა გიორგი აფრასიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც გაიხსენა მის სახლში, 2004 წლის 24 მარტს ჩატარებული ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია, როდესაც ის 12 წლის იყო.

თეა წულუკიანმა ამ განცხადებას რეპლიკით უპასუხა და აღნიშნა, რომ “საინტერესოა, რა აქვს მაშინდელ მინისტრს [გიორგი ბარამიძეს] ბავშვისთვის სათქმელი.”

გიორგი აფრასიძის განცხადებით, მას აქვს კითხვა იმდროინდელ შს მინისტრ ბარამიძესთან, თუ როგორც თვითონ ამტკიცებდა, ომეხ აფრასიძემ წინააღმდეგობა გაუწია, რატომ არ გაუჩნდათ იმის სურვილი, ცხედარი ექსპერტიზაზე გადაეყვანათ და გაერკვიათ, რა ვითარებაში გარდაიცვალა ის. ამის მიზეზი, მისი თქმით ისაა, რომ ექსპერტიზა ბარამიძის განცხადების საწინააღმდეგოდ დაადგენდა, რომ ომეხ აფრასიძე არა დაკავების დროს, არამედ, უკვე ხელბორკილდადებული, წამებით გარდაიცვალა.

“თუ საშუალება გექნებათ, რომ ბატონს ვერ ვუწოდებ, არაკაც ბარამიძეს ასეთი კითხვა დაუსვათ, როდესაც ადამიანი დახვრიტეს და ქუჩაში დაფლეთილი სხეული დააგდეს, როგორც თვითონ შემდგომ ინტერვიუში თქვა, თურმე ომეხი წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა – რატომ არ გაუჩნდა იმის სურვილი, რომ ცხედარი ექსპერტიზაზე გადაეყვანათ და ჩაეტარებინათ ექსპერტიზა, რა ვითარებაში, რა ტყვიით მოკვდა. ომეხის ცხედარს დანით მიყენებული ჭრილობებიც ჰქონდა, ტყვიით მიყენებული ჭრილობებიც და მსხვილი კალიბრის იარაღის ჭრილობებიც ჰქონდა – მთელი სხეული დაფლეთილი ჰქონდა. სახელმწიფოს ხომ უნდა გაერკვია, რით იყო ეს ადამიანი დაღუპული? თუ იმას იძახის [ბარამიძე], რომ ადამიანი სპეცოპერაციის დროს მოკლეს, რატომ არ გადაიტანეს მიცვალებულის ცხედარი და რატომ არ ჩაუტარეს ის ექსპერტიზა, რომელიც დაადასტურებდა, რომ არა აყვანის დროს, არამედ დაკავებული, ხელბორკილდადებული ადამიანი წამებით მოკლეს. ამ ყველაფერს დაადასტურებდა ის ექსპერტიზა, რომელიც არ ჩაუტარეს მაგ დროს სამწუხაროდ.” – განაცხადა გიორგი აფრასიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები