გრიგოლ ლილუაშვილის წერილობით მიმართვას, სადაც ის სუს-ის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ითხოვს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა გრიგოლ ლილუაშვილის წერილობით მიმართვას, სადაც ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ითხოვს.
როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა სხდომაზე განაცხადა, გრიგოლ ლილუაშვილის მიმართვა, რომელიც მან პარლამენტს წარუდგინა, 1-ელი აპრილით არის დათარიღებული.
„საქართველოს პარლამენტს წერილობით მოგვმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ბატონმა გრიგოლ ლილუაშვილმა და თანამდებობიდან ვადამდე გადადგომა მოითხოვა. როგორც მოგეხსენებათ, ოქტომბრამდე ჰქონდა ბატონ გრიგოლს ამ თანამდებობაზე ყოფნის ვადა. კანონმდებლობის თანახმად, ის შემდგომ ამ კუთხით მუშაობას ვეღარ გააგრძელებდა. ამავდროულად, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსდა, იქნება რეგიონული მიმართულებით სამინისტრო, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების და სახელმწიფო პოლიტიკის კვლავ განხორციელების თვალსაზრისით, რაც დღემდე საკმაოდ წარმატებით ხორციელდება. ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი მოიაზრება სწორედ ამ თანამდებობაზე მინისტრის პოსტზე. ამავდროულად, ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელად მოიაზრება ბატონი ანრი ოხანაშვილი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.