მარიამ ქვრივიშვილი: დღევანდელი დღის მონაცემებით, წელს ჩვენ უკვე გვემატება 8 ავიაკომპანია 13 მიმართულებით – ეს ყველაფერი თანხვედრაშია ჩვენი ხელისუფლების დივერსიფიკაციის პოლიტიკასთან
დღევანდელი დღის მონაცემებით, წელს ჩვენ უკვე გვემატება 8 ავიაკომპანია 13 მიმართულებით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, 2025 წელი ქვეყნის ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიისთვის ისტორიულია.
„ჩვენ წელს, დღევანდელი დღის მონაცემებით, უკვე გვემატება 8 ავიაკომპანია 13 მიმართულებით. გამოვყოფ რამდენიმეს. ეს არის „ტრანსავია“ – საფრანგეთი, რომელიც იფრენს პარიზი-თბილისის მიმართულებით. ასევე გვემატება პირველად ისტორიაში შვეიცარიის ეროვნული ავიაგადამზიდავი, რომელიც იფრენს ციურიხი-თბილისის მიმართულებით.
ასევე, მიმდინარე პერიოდში ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი, კარგი სიახლე, რომელიც საზოგადოებისთვის რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. დავამატებ, ჩვენ ზაფხულიდან ასევე გვიერთდება ახალი ავიაკომპანია „ეარსერბია“, რომელიც ბელგრადი-თბილისის მიმართულებით, კვირაში 3 სიხშირით იფრენს. ეს ყველაფერი თანხვედრაშია ჩვენი ხელისუფლების დივერსიფიკაციის პოლიტიკასთან, რაც ხელს უწყობს ტურიზმის ინდუსტრიის მდგრად და დივერსიფიცირებულ განვითარებას“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ისინი ასევე აგრძელებენ მოლაპარაკებებს სტრატეგიულ ახალ ავიაკომპანიებთანაც, რათა ფრენის სიხშირეები გაიზარდოს.