“გარდა იმისა, რომ საგამოძიებო კომისია და ჩვენ, ყველა ერთად პოლიტიკურად შევაფასებთ 2003-2012 წლების პროცესებს, ამას ექნება თავისი სამართლებრივი შედეგებიც” – მახაშვილი

“გარდა იმისა, რომ საგამოძიებო კომისია და ჩვენ ყველა ერთად პოლიტიკურად შევაფასებთ 2003-2012 წლების პროცესებს და მოგვიანებით შემდგომ პროცესებსაც, ამას, რა თქმა უნდა, ექნება თავისი სამართლებრივი შედეგებიც”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დისკუსიები, რასაც საზოგადოება საგამოძიებო კომისიის ფარგლებში უყურებს, არ იქნება უბრალოდ საუბარი და უბრალოდ დისკუსია, ამ დისკუსიას ექნება თავისი სამართლებრივი შედეგები.

„დღეს უკვე ძალიან მკაფიოდ იკვეთება ის დანაშაულებრივი პროცესები, რასთანაც საქმე გვქონდა წინა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ დოკუმენტურად, ერთიანად საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ მათ შორის საგამოძიებო კომისიის შედეგების გათვალისწინებით. ერთია საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესი და მეორეა საპარლამენტო მიმართულება, რათა მას შემდეგ რაც, ჩვენი იმედით საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, იყოს დამატებითი საკანონმდებლო ჩარჩო იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობის მემკვიდრე პარტიებმა ვერ შეძლონ ერთგვარი რებრენდინგი, საკუთარი თავის გადაფუთვა და ახალი სახელით, ახალი ფორმით თუ ახალი ფერით ვერ წარდგნენ საზოგადოების წინაშე. აქ საუბარი გვაქვს პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოცილებაზე, საზოგადოების სხვა პროცესებში ჩართულობაზე აქ არანაირი საუბარი არ არის. ხვალიდან დაიწყება განხილვები და თუკი ვინმეს აქვს რაიმე კითხვის ნიშანი გინდ შიგნით, გინდ გარეთ, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ შემოვიდნენ დისკუსიებში კონკრეტული მტკიცებულებებით და ახსნა განმარტებებით და არა უბრალოდ ზოგადი ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით. თუ აქვს ვინმეს რაიმე კონკრეტული მტკიცებულება რატომ არ უნდა გააკეთოს პარლამენტმა ის, რატომ არ უნდა გააკეთოს მმართველმა ხელისუფლება ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მაშინ ჩვენ მზად ვართ ამ დისკუსიისთვის, თუმცა მათი მთავარი პრობლემაც ისაა, რომ არანაირი არგუმენტი, არანაირი მტკიცებულება არა აქვთ. ერთადერთი, რაც დარჩენიათ, არის, რომ ამ პროცესის სრული დისკრედიტაცია სცადონ“, – განმარტა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები