„ჩვენ ვიხილეთ ომის ნაწილთან დაკავშირებული გამოკითხვები, ძალიან ბევრი რამ გამოაშკარავდა,“- ამის შესახებ, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საინტერესოა, რას იტყვის დღეს კომისიის წინაშე გენერალი მამუკა ყურაშვილი.
„ჩვენ ვიხილეთ უკვე ომის ნაწილთან დაკავშირებული გამოკითხვები, სადაც ძალიან ბევრი რამ უკვე გამოაშკარავდა, რაც ჩვენ ისედაც ვიცით, უბრალოდ, საჭიროა, რა თქმა უნდა, ყველაფრის მტკიცებულებებით და ფაქტებით გამყარება, რომ შემდეგ ეს პროკურატურას გადაეცეს. დღევანდელ კომისიაზე კიდევ რამდენიმე ადამიანი იქნება გამოკითხული. მათ შორის ერთ-ერთი იქნება გენერალი ყურაშვილი. მე შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას გენერალ ყურაშვილისავე განცხადებას, რომ როდესაც კოდორის ხეობას შეუცვალეს სტატუსი, დაარქვეს ზემო აფხაზეთი და უმტკივნეულოდ გადააბარეს ოკუპანტს, გენერალმა ყურაშვილმა ეს ყველაფერი შეაფასა, როგორც ქვეყნის ღალატი. საინტერესოა, რას იტყვის დღეს იგი საგამოძიებო კომისიის წინ”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია, დღესაც იმსჯელებს.