შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციაზე: როგორც არ უნდა შეიკრიბონ, მოღალატეს მიუმატებ აგენტს თუ აგენტს მიუმატებ მოღალატეს ჯამი ერთია მათთვის
“როგორც არ უნდა შეიკრიბონ, მოღალატეს მიუმატებ აგენტს, თუ აგენტს მიუმატებ მოღალატეს ჯამი ერთია მათთვის. მათ აირჩიეს ღალატის გზა და ეს გზა არის ჩიხი”, – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დაინტერესდა თუ რა სახის ერთობა შეიძლება შექმნას ოპოზიციამ.
მისი თქმით, ყველა ვინც კი ისტორიულად დაადგა ღალატის გზას, იქნებოდა ეს ორჯონიკიძე თუ სხვები, საბოლოოდ ჯამში ყველამ ცუდად დაამთავრა.
„ქალბატონი ექსპრეზიდენტი იმყოფება ბალტიის ქვეყნებში და მიიღებს შესაბამის ინსტრუქციებს. ერთობლივ ტრენინგ-სემინარს ჩაუტარებენ ალბათ, როგორ დააზიანონ საქართველო. არანაირი სხვა „სიკეთეს“ ამ სამი ქვეყნის ხელისუფლებისგან არ ველი. მთელი ეს პერიოდი დაკავებულები არიან ქართველი ხალხის დაზიანებით. რა თქმა უნდა, ისინი არ მოქმედებენ საკუთარი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებით. ისინიც თავად არიან ინსტრუმენტი იმ ძალების ხელში, რომლებსაც სურთ საქართველოს დაზიანება. როგორც არ უნდა შეიკრიბონ, გადანაწილდნენ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მოღალატეს მიუმატებ აგენტს, თუ აგენტს მიუმატებ მოღალატეს ჯამი ერთია მათთვის.
მათ აირჩიეს ღალატის გზა, აირჩიეს გზა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ წასვლის, მაგრამ ეს გზა არის ჩიხი. ყველა ვინც კი ისტორიულად დაადგა ამ გზას, იქნებოდა ეს ორჯონიკიძე თუ სხვები, საბოლოოდ ჯამში ყველამ ცუდად დაამთავრა. ასე, რომ ღალატი ყოველთვის არის ჩიხი. ისიც [ორჯონიკიძე], ხომ გარედან მართული იყო. ორჯონიკიძისთვისაც, რომ გეკითხათ „გულანთებული პატრიოტი ვარო“ იტყოდა. ზუსტად ამას აკეთებენ ესენიც. დადიან გარე-გარე, ჩამოდიან და გვეუბნებიან „გულანთებული პატრიოტები ვართო“ და სინამდვილეში თავიდან ბოლომდე იმართებიან უცხო ქვეყნებისგან და უცხო ძალებისგან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.