“რა უფლება აქვს ესტონეთს, საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიოს, ევროპის პარლამენტებმა კარგად დაუგდონ ყური იმ პოლიტიკას, რა დღის წესრიგიც მსოფლიოში 20 იანვრის შემდეგ დადგა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნებმა საკუთარი სუვერენიტეტის გაძლიერებისა და განვითარებისთვის უნდა იზრუნონ.
„ესტონეთის დღევანდელი ხელისუფლება, მისი პარლამენტიც და აღმასრულებელი ხელისუფლებაც გასულია ყოველგვარი რაციონალურობის ფარგლებიდან. ეს იმ აგენტოკრატიის ძალიან მარტივი და ცალსახა მაგალითია, რომელიც სამწუხაროდ ევროპის ცალკეულ ქვეყნებში არის. რა უფლება აქვს ესტონეთს ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, როგორ ბედავს ესტონეთის ხელისუფლება, მისი პარლამენტი, იქნება ეს საგარეო საქმეთა მინისტრი თუ სხვა იმ განცხადებებით გამოვიდეს, რომლებსაც ისინი ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით აკეთებენ. თვალი ფართოდ გაახილონ, მსოფლიოში არსებულ ვითარებას შეხედონ და აუცილებლად ნახავენ, რომ ამ აგენტორული და პოლიტიკური წიაღსვლების დრო დასრულდა. ქვეყნებმა უნდა იზრუნონ საკუთარი სუვერენიტეტის გაძლიერებისა და განვითარებისთვის. ამაზე არის მოწოდება როგორც ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ხელისუფლებისგან, ასევე ამას რაციონალური აზრიც კარნახობს. არანაირი უფლება არ აქვს რომელიმე ქვეყანას, მათ შორის პოსტსაბჭოური ქვეყნებს, რაიმე ფორმით ჩაერიონ ჩვენს შიდა საქმეებში. კრიტიკა საკუთარი ქვეყნებისთვის შემოინახონ. საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ფაქტობრივად აღიარებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ხელისუფლების პირველივე გადაწყვეტილებებით, რაც კარგად გასააზრებელია, არამხოლოდ ესტონეთის ხელისუფლებისთვის. ყური კარგად დაუგდონ ევროპის პარლამენტებმა და ევროპელმა ლიდერებმა იმ პოლიტიკას, რა დღის წესრიგიც მსოფლიოში 20 იანვრის შემდეგ გადგა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ესტონეთის პარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მიიღო განცხადება, რომლის მიხედვითაც, მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, რათა დაიცვას და მხარი დაუჭიროს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოებას და აქციის მონაწილეებს.