თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის დღევანდელი პროცესი დასრულდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის დღევანდელი პროცესი დასრულდა. მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. პროკურორის განცხადებით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა „ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინები მიითვისა.
მიხეილ სადრაძის თქმით, ბაჩიაშვილისთვის ბრალად შერაცხილი ქმედებები მტკიცებულებებით დასტურდება, მტკიცებულებების დიდი ნაწილი კი დოკუმენტურია. ბრალდებული ბაჩიაშვილი ბრალს არ აღიარებს.
„ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღწერილობა და მისი სამართლებრივი შეფასება შემდეგნაირია, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები. კერძოდ, ეს არის სხვისი დიდი ოდენობით ნივთის, ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი ქონებრივი უფლება მიმთვისებლის მარწმუნებლობაში და განმგებლობაში იმყოფებოდა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაა“, – აღნიშნა მიხეილ სადრაძემ სასამართლო სხდომაზე.